ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-06

წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია

წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მიმდინარე წელს გამოსცა გამომცემლობა Springer-მა სერიით Springer Proceedings in Mathematics and Statistics. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

„Springer-ის მიერ გამოცემული წიგნი მნიშვნელოვანი მოცულობითი შრომაა, რომლითაც დაინტერესდნენ საერთაშორისო დონეზე. გამოცემაში ბევრი საინტერესო მასალაა და იმედია, ის წაადგება არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ პროფესორ-მასწავლებლებსაც,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

წიგნი გამოიცა თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების გიორგი ჯაიანის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი) და დავით ნატროშვილის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი) რედაქტორობით. წიგნში შესულია 2017 წლის 6-9 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ჩატარებული მესამე საერთაშორისო კონფერენციის „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ წაკითხული მოხსენებების ნაწილი. კონფერენცია მიეძღვნა ქართველი მათემატიკოსის, 1986-2006 წლებში ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ დავით გორდეზიანის (1937-2015) დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

„ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის, რომ კონფერენციის მასალებმა დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ მეცნიერებში. აგრეთვე, ისიც, რომ ამ კონფერენციის მოხსენებების გამოცემით დაინტერესდა Springer-ის გამომცემლობა. Springer-მა წიგნი გამოსცა სერიის Mathematics and Statistics ფარგლებში, რომელიც გამოდის 2012 წლიდან და დაახლოებით 400 ტომი არის გამოცემული. აღნიშნული სერია ინდექსირებულია Scopus-ის მიერ. ეს არის საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შრომების ამ სერიით გამოცემის პირველი შემთხვევა,“ - აღნიშნა თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჯაიანმა.

წიგნში შესულია 9 ქვეყნის (აშშ-ს, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთის და საქართველოს) წარმომადგენლების სამეცნიერო ნაშრომები და განკუთვნილია სხვადასხვა დარგის მკვლევრებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში. კერძოდ, წიგნში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ეხება გამოყენებითი მათემატიკის, ბიოლოგიური მათემატიკის, ინტეგრალური და ფსევდოდიფერენციალური განტოლებების, კომპოზიტურ სხეულებში ველის სინგულარობების ანალიზის, სოციალური მეცნიერებების პრობლემების მათემატიკური მოდლირების, უწყვეტი გარემოს მექანიკის  მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც  აქტიურად მუშავდება მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში.



Print

« იხ. ყველა სიახლე