2017-02-16

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ორიგინალური სტენდით წარსდგა. გამოფენაზე თსუ-ს ყველაზე "ეფექტური კომუნიკაციისთვის" სერტიფიკატი გადაეცა. ღინისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თსუ ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ სტენდი მეიქათონზე უნივერსიტეტის სტუდენტების (მექი გიორგაძე, ენდი ჭელიძე) მიერ წარდგენილი წარმატებული პროექტის მიხედვით შეიქმნა და თბილისის ურბანული სივრცის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სტუდენტური პროექტი ამავდროულად წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ საგამოფენო სივრცეს მზის ბატარეებზე მომუშავე ინოვაციური სკამით, მობილურებისა და ლეპტოპების დამტენებით, მაღალსიჩქარიანი WIFI-ით და ველოსიპედის პარკინგით. გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იყო თსუ სტუდენტების მიერ ფაბლაბში მომზადებული ინოვაციური პროექტები.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, განათლების საერთაშორისო გამოფენა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გააკეთონ სწორი არჩევანი უნივერსიტეტის შერჩევისას. „რა თქმა უნდა, ყველაზე სწორ არჩევანს ის გააკეთებს, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აირჩევს. წელს გვაქვს ძალიან უჩვეულო გამოფენა, ეს არის ის ინოვაციური პროექტები, რომელიც მომზადებულია ჩვენი სტუდენტების მიერ. უნივერსიტეტი არის და იქნება სივრცე, სადაც სიახლეები იქმნება“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ჩვენი პროექტი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ საგამოფენო სივრცეს, რომელიც რამდენიმე ელემენტისგან შედგება. ჩვენთვის ძალზე სასიხარულოა, რომ ასეთი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა პროექტმა და დღეს განათლების საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი. ახალგაზრდებს ვურჩევთ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა მსაგვს ინოვაციურ კონკურსებში“-განაცხადეს სტუდენტური პროექტის ავტორებმა მექი გიორგაძემ და ენდი ჭელიძემ.

გამოფენის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ. ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თსუ-ს ბრენდირებული ატრიბუტიკით.



Print

« იხ. ყველა სიახლე