ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-14

ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ აღდგენა თსუ-ში

ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ აღდგენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“ აღდგება, განახლდება ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემაც. გადაწყვეტილება ამის შესახებ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ კურსდამთავრებულები - ცნობილი მწერლები, გამომცემლები, თავის დროზე „93-ე აუდიტორიის“ წრის წევრები დაესწრნენ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო იმ ხალხთან, ვინც იბეჭდებოდა „პირველ სხივში“-სტუდენტურ ალმანახში, რომელთანაც დაკავშირებულია ბევრი დიდი სახელი; მთელი პლეადა აღიზარდა 93-ე აუდიტორიაში, სადაც მიმდინარეობდა განხილვები, ცხარე კამათი. ჩემს სტუდენტობაშიც მახსოვს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ ლიტერატურის მოყვარულები  და ძალიან ბევრი მწერალი, პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი გაიზარდა ამ ტრადიციებზე.  დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უნდა აღდგეს სტუდენტური ალმანახი, აღდგეს შეხვედრები, სადაც მოხდება კრიტიკული გააზრება იმისა, რასაც  ქმნი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მწერალ კოტე ჯანდიერის თქმით, „ლიტერატურული დებატის კულტურა, ლიტერატურული საკითხებისა და კულტურული ტენდეციების შესახებ ერთმანეთისთვის გაზიარებული აზრების ექო იყო გამართული შეხვედრა. „პირველი სხივი“ იყო მართლა სხივი ინფორმაციით ერთობ ღარიბ დროში. ეს სხივი დღესაც საჭიროა და საშური. ეს არის მოედანი, სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ  ერთმანეთს გაუზიარონ ის, რაც სხვამ არ იცის, იყვნენ კრიტიკულები. კრიტიკული აზრის მოსმენის კულტურა იზრდება ახალგაზრდობიდან.“

ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.

„ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი  პირველი თარგმანები დაიბეჭდა „პირველ სხივში“  და პირველად, როცა ტარიელ ხარხელაურმა შემომთავაზა, რომ ჩემი ლექსები წამეკითხა 93-ე აუდიტორიაში;  როგორი მოკრძალებითაც მაშინ შემოვედი უნივერსიტეტში, ის მოკრძალება მომყვება დღემდე. ყველანი მომხრენი ვართ, რომ გაცოცხლდეს ის დიდი ჰარმონია და შედგეს სტუდენტს, პედაგოგსა და მხარდამჭერებს შორის დიდი თანაცხოვრების კულტურა, სადაც დაიბადება ლექსიც, კამათიც, ჭეშმრიტებაც, ყოველშემთხვევაში, იქნება ჭეშმარიტების ძიება,“- განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. უნივერსიტეტში ბევრი გამოჩნდა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა. მათ შორის იყვნენ ომიდან დაბრუნებულებიც, ვისაც ჯერ კიდე ფარაჯა ეცვა და სკოლადამთავრებულებიც, ვინც თვლიდა, რომ მათი მოწოდება მწერლობა იყო. ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი.

„პირველი სხივის“ პირველი ნაბიჯების ასაკის ვარ და მოვყვები მას მთელი ჩემი ცხოვრება. ყოველთვის მახსენდება ის, თუ რა საინტერესო იყო ჩვენი ლიტერატურული ცხოვრება უნივერსიტეტში, და არა მხოლოდ. ყველაფერი ეს იყო უსუფთავესი ეროვნული გრძნობების საყრდენი, ერთ-ერთი სვეტთაგანი. „აუდიტორია 93“-ის აღდგენა ძალიან წაადგება ახალგაზრდობას და მამათა და შვილთა ურთიერთობას,“ - აღნიშნა მწერალმა გივი შაჰნაზარმა.

თავდაპირველად, წრე დიდი არ იყო, სხდომებს ხალხიც ცოტა ესწრებოდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა მწერალთა წრე ძალიან პოპულარული გახდა. მუშაობის ერთადერთი ფორმა მაშინ წრის სხდომაზე წევრთა ნაწერების კითხვა-განხილვა იყო. შემდგომ, მუშაობა ისე გაცხოველდა, წრეს იმდენი ახალი წევრი შეემატა, იმდენი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივაც უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა ,,პირველი სხივი’’, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. რექტორ ნიკო კეცხოველის სპეციალური ბრძანებაც კი გამოიცა, რომლის თანახმად, 1951 წლის 24 დეკემბრიდან უნივერსიტეტელ მწერალთა გაერთიანებას ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე’’ ეწოდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ ,,პირველი სხივის’’ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.





Print

« იხ. ყველა სიახლე