ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) 2020 წლის მაგისტრატურის კურსადმთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 38 კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის მიღება თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა
თამარ სულუხიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა, ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ
ჟან-ფრედერიკ პოლსენმა, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია მთელ რეგიონში. ISET-ის თოთხმეტწლიანი საქმიანობის შედეგია კურსდამთავრებულთა სპეციალობით დასაქმების 98-პროცენტიანი მაჩვენებელი.
„ISET-ის კურსდამთავრებულები ხვალიდან უკვე შეუერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების უზარმაზარ, სამასათასიან არმიას. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მათი კარიერული წინსვლის გარანტია. წარმატებას ვუსურვებ მათ და, რაც მთავარია, არ დაკარგონ კავშირი თავის ალმამატერთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან", - აღნიშნა თსუ რექტორმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ეტაპი პოზიტიური გამოცდილებებითა და შესაძლებლობებით აღსავსე იქნება და ISET - ელები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას, რადგან, ტრადიციულად, ISET - ის კურსდამთავრებულები წარმატებული არიან სხვადასხვა სექტორში.
„ხარისხიან განათლებაში ინვესტიციის ჩადება, საუკეთესო ინვესტიციაა საკუთარ მომავალში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიღებულ ცოდნას თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდები საუკეთესო ადამიანური კაპიტალია, რომელსაც შესწევს ძალა ქვეყანა დააყენოს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე,“- ასე მიმართა მინისტრმა კურსდამთავრებულებს.
ISET-ის დირექტორის
თამარ სულუხიას თქმით,
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ დიპლომების გადაცემის ტრადიციულიცერემონია არატრადიციული ფორმით ჩაატარა, სადაც მსოფლიოს 4 ქვეყნიდან სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე დირექტორთა საბჭოს წევრებიევროპიდან და ამერიკიდან, ლექტორები და ISET-ის სხვაგულშემატკივრები მონაწილეობდნენ."
2020 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო საგანმანათლებლო სისტემისთვის, რადგან კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების ფონზე, უნივერსიტეტებს მოუწიათ მკვეთრი ცვლილებების გატარება სასწავლო პროცესში, რაც, ძირითადად, საკლასო ტიპის სწავლებიდან სრულად ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას გულისხმობდა. ISET-მა უმოკლეს დროში მოახერხა ონლაინ სწავლების უახლესი და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რამაც სკოლის 500-მდე სტუდენტს საშუალება მისცა, ხარვეზების გარეშე გადასულიყო ვირტუალურ საკლასო გარემოში და შეფერხებების გარეშე გაეგრძელებინა სალექციო კურსების მოსმენა, გამოცდების ჩაბარება და სხვადასხვა სახის აქტივობებში მონაწილეობა.
ISET-მა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია 14 წლის განმავლობაში. სკოლამ უკვე აღზარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა.