2018-09-01

2018-2019 სასწავლო წელს თსუ ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით კვლავ ლიდერობს

2018-2019 სასწავლო წელს თსუ ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით კვლავ ლიდერობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წელს ლიდერია აბიტურიენტთა პირველი არჩევანით და ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობითაც. წელს 4432 აბიტურიენტი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველსემესტრელი სტუდენტი, რაც  2017-2018 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზე 30%-ით მეტია. გასულ წელს თსუ-ს სტუდენტი 3409 აბიტურიენტი გახდა.

ამასთან, არაპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩა ყველაზე ნაკლები ვაკანტური ადგილი გამოცხადებულ ვაკანსიებთან შედარებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 67 საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე 4694 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი კონკურსი თსუ-ში იყო საერთაშორისო ურთიერთობებზე, სამართალზე, ფსიქოლოგიაზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებებზე, ისტორიის, ქართული ფილოლოგიის, ეკონომიკის მიმართულებებზე, ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე.

თსუ-ში მინიმალური კომპეტენციის საშუალო ზღვარია 40%+1. ყველაზე მაღალი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თსუ-მ  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოაცხადა- 75%+1.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც წელს 100 წლის გახდა, რეგიონში გამოკვეთილია ლიდერია და  უნივერსიტეტების 2018  წლის საერთაშორისო რანჟირების მიხედვით (The U.S.News&World Report) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის.

თსუ-ში მოქმედებს 240-მდე აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 22 უცხოენოვანი. უნივერსიტეტში სტუდენტებს ემსახურება 85-მდე სასწავლო ლაბორატორია, მათ შორის ფაბლაბი, 2 სმარტლაბი, ბლუმბერგის ლაბორატორია და სხვა; 8 რესურსცენტრი; 9 კომპიუტერული კლასი; მულტიმედიაცენტრი; სახვითი ხელოვნების სტუ-დია, მუზეუმი უნიკალური ექსპონატებით; საუნივერსიტეტო არქეოლოგიური ბაზა გრაკლიან გორაზე; ბიბლიოთეკა დაახლოებით 8 მილიონი წიგნადი ფონდით; 9 სამკითხველო დარბაზი; უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო რესურსებზე Elsevier; JSTOR; EBSCOHost; Springer; HINARI; Cambridge University Journals; GALLICA და ა.შ. აქვთ სტუდენტურ პრაქტიკასა და სასწავლო ეთნოლოგ¬ურ, არქეოლოგიურ, გეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობის შესაძლებლობა; თსუ სტუდენტების შემოქმედებითი და სპორტული შესაძლებლობების რეალიზებას ემსახურება თეატრალური სტუდია, სპორტული სექციები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები.

სასწავლო წელი თსუ-ში 17 სექტემბერს დაიწყება. 



Print

« იხ. ყველა სიახლე