ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-16

კარლ კაუცკის წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

კარლ კაუცკის წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაშრომის, ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსის კარლ კაუცკის წიგნის - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“ - სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელსაც აკეთებს სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კარლ კაუცკი პირველი რესპუბლიკის დროინდელი საქართველოს შესახებ. ამ წიგნით დაიწყო მთელი დისკუსია, რომელშიც ლევ ტროცკიც ჩაერთო. თუმცა, დასკვნა ისაა, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია, მართლაც, მაგალითის მიმცემი იყო მთელი ევროპისთვის და ეს იყო ძალიან წარმატებული ექსპერიმენტი, რომელიც სამწუხაროდ, დამთავრდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის თქმით: „ეს არის ერთ-ერთი  საუკეთესო ნაშრომი ქართულ სოციალ-დემოკრატიაზე, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე. კარლ კაუცკი იყო ერთ-ერთი ყველაზე მახვილგონიერი სოციალ-დემოკრატი ინტელექტუალი მაშინდელ სამყაროში. მან თავისი თეორიული ცოდნა საქართველოში ნანახ პრაქტიკულ გამოცდილებასთან კარგად დააკავშირა. საქართველო იყო პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც იყო სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, რითაც მთელი ევროპა და ევროპული სოციალ-დემოკრატიული თემი ძალიან ამაყობს.“    

წიგნი გერმანულ ენაზე 1921 წელს გამოიცა, იმავე წელს ითარგმნა ინგლისურად და ავტორის წინასიტყვაობით გამოიცა დიდ ბრიტანეთში. ნაშრომს ავტორმა საფუძვლად დაუდო ევროპელ სოციალისტთა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისას მის მიერვე 1920 წლის ოქტომბერ-დეკემბერში შეგროვებული ინფორმაციის გააზრება და შეფასება. ავტორი თავის წიგნში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის ყველა სფეროს განიხილავს, ასევე აანალიზებს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოდელს, აკრიტიკებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას.

წიგნის ახალი სამენოვანი გამოცემისთვის შესავალი პროფესორებმა - დიმიტრი შველიძემ, სტივენ ჯონსმა და ზიგფრიდ ჰეიმანმა სპეციალურად მოამზადეს. ახალ გამოცემას დაერთვის კომენტარები და ავტორის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალები. წიგნი ქართულად თარგმნა სოფიკო შუბითიძემ, გამოსაცემად მოამზადეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა.

„ეს წიგნი უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს შეადგინა და დაწერა კარლ კაუცკიმ. მან ამ წიგნის საშუალებით გააცნო ევროპას სოციალ-დემოკრატიის მოდელი და ძალიან საინტერესოდ აღწერა ყველა ის მიმდინარე პროცესები რაც საქართველოში, ქართულ-სოციალ დემოკრატიაში მომდინარეობდა - რა გამოწვევები, რა პრობლემები და რა წარმატებები იყო. ნაშრომში ფაქტობრივად ყველა სფეროა წარმოდგენილი მისი შეფასებით, მისი თვალთახედვით და ძალიან საინტერესოდ არის განსაზღვრული პერსპექტივები - როგორ განვითარდებოდა ქართული სახელმწიფო რომ არა ბოლშევიკური ინტერვენცია,“- აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ირაკლი ირემაძემ

„კარლ კაუცკის წიგნი ეხება საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ რესპუბლიკას და იგი ძალიან საინტერესოა.  წიგნის ელექტრონული ვერსია უკვე არსებობს. მასში გადმოცემულია სხვადასხვა თეორიული დებატები სოციალ-დემოკრატიის ირგვლივ,“- განაცხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ფელიქს ჰეტმა. ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობით უნივერსიტეტმა წიგნი ქართულ ენაზე პირველად თარგმნა და ახალი გამოცემა მოამზადა.

პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში. წიგნის ახალი გამოცემა მკითხველის წინაშე პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი.





Print

« იხ. ყველა სიახლე