2019-12-13
თსუ პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო
თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდა და ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე ესაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
თამარ ქიტიაშვილი.
2019 წლის შემოდგომის ნაკადზე თსუ-მ 8 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, შემფასებელი, მიიღო სტუდენტები. წელს თსუ-ში პროფესიულ პროგრამებზე მისაღებად საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. ერთ ვაკანტურ ადგილზე - საშუალოდ 6 მსურველი მოდიოდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები, ასევე უკვე დასაქმებულები, რომლებსაც სურთ ახალი ცოდნის მიღება. თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, „პროფესიული განათლება არის დასაქმების ყველაზე სწრაფი და სწორი გზა. უნდა დაიძლიოს არსებული სტიგმა, რომელიც პროფესიული განათლების თაობაზე არსებობს საზოგადოებაში. ეს არის საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობა. პროფესიული სწავლება ნელ-ნელა პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით, მომავალში ვგეგმავთ რამდენიმე სიახლეს.“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა პროფესიულ განათლების სივრცეში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. „ახალმა ინიციატივებმა უფრო მეტად გაუხსნა პროფესიული განათლების კარი სხვადასხვა ასაკის და საჭიროების მქონე სტუდენტებს. კიდევ ერთი ინიციატივა,რომელიც ინერგება ზოგადი განათლების ინტეგრირებას ეხება პროფესიულ პროგრამებში. ყოველ მოსწავლეს, რომელიც 9 კლასის შემდეგ ჩააბარებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს დიპლომი, რომელიც გათანაბრებული იქნება ატესტატთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებაში,“- განაცხადა
თამარ ქიტიაშვილმა.
პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჭიშვილის თქმით, თსუ პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუროპერატორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სპეციალობებზე დაფიქსირდა.
„მეექვსე თვეა, რაც თსუ-ში შეიქმნა ახალი სტრუქტურა. საგანმანათლებლო ერთეული - თსუ პროფესიული განათლების ცენტრი. ადრე ფაკულტეტები ახორციელებდნენ პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას. ახლა კი ყველა პროგრამა ერთი ცენტრის იურისდიქციის ქვეშ მოექცა. შესაბამისად, სწორედ ჩვენ ვახორციელებთ ამ პროგრამების მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას,“- აღნიშნა
კახა ჭეიშვილმა.
„თსუ ლიდერია პროფესიული პროგრამების კუთხით, მე შემფასებლის პროფესიულ პროგრამაზე ვსწავლობ. პროფესიული განათლება უფრო პოპულარული ხდება პრაქტიკული დასაქმებისთვის. ამჟამად, დასაქმებული ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ დამატებითი კვალიფიცკაციის მიღება კიდევ უფრო გამომადგება,“- აცხადებს თსუ შემფასებლის პროფესიული პროგრამის სტუდენტი
ანა შავიძე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ისწავლიან. თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის 4 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.
« იხ. ყველა სიახლე