ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-01

საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია: “კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა”

საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია: “კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მთავარი თემა კვლევასა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობაა. კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასში მონაწილეობისთვის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე 80-მდე დელეგატი შეიკრიბა ევროკომისიიდან, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. გახსნის ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე „კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა“ იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კვლევისა და ინდუსტრიის პარტნიორობის ხელშეწყობა, Smart Specialisation სტრატეგიები და ტექნოლოგიური გადაცემის მექანიზმები. კონფერენცია კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროკომისარ კარლოშ მოედაშის EU4Innovation-ის ინიციატივის ქოლგის ქვეშ ტარდება და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, კონფერენცია მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დახურვის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. „კონფერენციაზე ძირითადად საუბარი იქნება ცოდნის გადაცემაზე, მეცნიერების კომერციალიზაციაზე, ინდუსტრიის და მეცნიერების კავშირებზე. ძალიან წარმომადგენლობითი შეხვედრაა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელის აფრიკაში, სპარსეთის ყურესა და ევროკავშირის სამეზობლოში ანდრეა ქერინიანი დი ნოვოლის თქმით, "კონფერენციაზე მთავარი აქცენტი კვლევისა და ინდუსტრიის პარტნიორობის ხელშეწყობაზე, ტექნოლოგიური გადაცემის მექანიზმებზე კეთდება. კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ მათი შეხედულება ამ მიმართულებით".

კონფერენცია არის პირველი საერთაშორისო რეგიონალური ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ნოემბერის სამიტზე დამტკიცებული აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული სტრუქტურის ფარგლებში. კონფერენცია ევროკავშირის „2020 წლისათვის 20 ძირითადი მიზნების“ დოკუმენტის მე-20 მიზანს ემსახურება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის კვლევითი და ინოვაციური სისტემებისა და პროგრამების ინტეგრაციას ეხება.







Print

« იხ. ყველა სიახლე