2018-10-13

თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ფრანკფურტის უნივერსიტეტთან

თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ფრანკფურტის უნივერსიტეტთან
სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება იყო მემორანდუმის მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბირგიტა ვოლფმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიებას გერმანიაში საქართველოს გენერალური კონსული იოსებ ჩხიკვიშვილი ესწრებოდა. ორ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს ხელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად მოეწერა, რაც ქართულ-გერმანული წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკფურტის უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ახალი შეთანხმების საფუძველზე ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებითაც გაძლიერდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ფრანკფურტის უნივერსიტეტი თსუ-ს დიდი ხნის პარტნიორია, თანამშრომლობის ფორმალიზება კი იქნება კარგი წინაპირობა ერთობლივი კვლევების წახალისებისთვის. „მემორანდუმს ხელი მოეწერა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად. ბევრი მეცნიერი, რომელიც თანამშრომლობს ფრანკფურტის უნივერსიტეტთან, გერმანელ კოლეგებთან ერთად ბაზრობაზე წარმოადგენს ერთობლივ კვლევებს. ეს არის კარგი საშუალება რომ ევროპას შევახსენოთ რომ ჩვენც ევროპელები ვართ და საქართველოში მეცნიერება კარგად არის განვითარებული“, - აღნიშნა თსუ რექტორმა.

მემორანდუმის გარდა ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, რომელიც სტუდენტების, მათ შორის დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და კვლევებში აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. „ეს შეთანხმება არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც გვაძლევს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას, ამასთან, სტუდენტებს და პროფესორებს ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ“, - განაცხადა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბირგიტა ვოლფმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ფართომასშტაბიანი პროგრამით წარსდგა. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად იმართება საჯარო ლექციები და პრეზენტაციები, სადაც ვრცლადაა მიმოხილული ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები.


Print

« იხ. ყველა სიახლე