ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-04

უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშების პრეზენტაცია

უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშების პრეზენტაცია
თსუ ბიბლიოთეკის მიერ რესტავრირებული უნიკალური ნიმუშები - რარიტეტული ნაბეჭდი წიგნები, ფერწერული ნიმუშები, ფოტომასალები - სულ 50 ექსპონატი გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ შორის,  საღმრთო და სამღვდელო სახარება (ვახტანგVI-ის სტამბა) 1709 წ; დავითნი (ვახტანგ VI-ის სტამბა - 1709წ.); საღმრთო და სამღვდელო სახარება (1818წ.) და სხვა. თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების ანგარიშ-პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებამ ბოლო წლების განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა 650 წიგნს, მათ შორის 95 - უნიკალური რარიტეტული გამოცემაა. „რესტავრაციის ლაბორატორია მუშაობს ძველი, რარიტეტული წიგნების აღდგენაზე. ყველაზე ძველი წიგნი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა არის ვახტანგისეული სახარება, ასევე უნიკალური 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი. ძალიან ინტენსიურად იმუშავა ლაბორატორიამ და კარგია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულნი ამ საქმეში,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე რესტავრაციის განყოფილებამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგები წარმოადგინა. „ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ გაწეული სამუშაოთი, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა რესტავრატორებმა გასწიეს. აქ არის, როგორც გადარჩენილი უნიკალური უძველესი წიგნები, ასევე ბოლო პერიოდში შემოწირული საბიბლიოთეკო ერთეულები. მათ შორის, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის  ხელნაწერები, დღიურები, რომელიც შარშან მისმა შვილიშვილმა ჩვენს ბიბლიოთეკას გადმოსცა. ასევე არის ჟურნალები, პერიოდიკა, ნაშრომები და ა.შ.“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგემ ესმა ტყებუჩავამ  გამოფენილ ნამუშევრებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, თსუ ბიბლიოთეკის საცავებში უძვირფასესი მასალა ინახება. „გამოვყოფ რამდენიმე წიგნს: 1709 წლის სახარება, რომელიც ვახტანგ მეექვსეს მიერ დაარსებულ სტამბაში შეიქმნა. ეს სახარება იმ 20 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია, რომელიც ჩვენს საცავებში ინახება. ამ სახარებას აქვს  ექვთიმე თაყაიშვილის უმნიშვნელოვანესი მინაწერი, რომელიც გვამცნობს, რომ ეს სახარება ალექსანდრე ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ასევე, მნიშვნელოვანია დავითნი და 1818 წლის სახარება, რომელსაც ჩვენს განყოფილებაში ჩაუტარდა რესტავრაცია,“ - აღნიშნა განყოფილების გამგემ.

რესტავრირებული უნიკალური წიგნების გამოფენა თსუ ბიბლიოთეკაში 2 კვირას გასტანს.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე