2020-03-20
თსუ მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S.News&World Report-ის 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Best Global University Ranking) 113 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) ერთად 322-ე ადგილს იკავებს. 2019 წელს თსუ 435-ე ადგილზე იყო.
თსუ კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც 1500 საუკეთესოთა შორისაა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5 %-ში შედის. 2020 წლის რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 81 ქვეყნის 1500 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა. U.S.News&World Report-ის მონაცემებით, დარგობრივი რანჟირებით თსუ-მ ფიზიკის მიმართულებით 278-დან 256-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში საქართველოდან და რეგიონიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მხოლოდ ორი უნივერსიტეტი (ტარტუს უნივერსიტეტი, მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოხვდა. თსუ-მ რეიტინგით გაუსწრო ევროპის ქვეყნების და აშშ-ს ცნობილ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებს, მათ შორის ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (ავსტრია), იაგელონის უნივერსიტეტს (პოლონეთი), ტურკუს უნივერსიტეტს (ფინეთი), გისენის (გერმანია), კობეს (იაპონია), ფლორიდის ტექნიკური უნივერსიტეტს, ჯორჯიის და სანდ-იეგოს სახელმწიფო (აშშ) უნივერსიტეტებს, ტამპერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს (ფინეთი), ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტს (გერმანია), შტუტგარტის (გერმანია), ესექსის (ბრიტანეთი), მასარიკის (ჩეხეთი), კოიმბრას (პორტუგალია), ქვინსის (აშშ), სტელენბოშის (სამხრეთ აფრიკა) უნივერისტეტს, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტებს (საბერძნეთი), ლონდონის ბიზნესის სკოლას (დიდი ბრიტანეთი), ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტს, სალამანკას (ესპანეთი) უნივერსიტეტს, სოფიას (ბულგარეთი) და იენას ფრიდრიხ შილერის სახელობის (გერმანია) უნივერსიტეტებს.
U.S.News&World Report უკვე 30 წელია რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რაც უნივერსიტეტების აკადემიურ, კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებენ უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს - 261 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზე კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტია. ლიდერ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი 203 უნივერსიტეტით, იაპონია - 97, დიდი ბრიტანეთი - 87, გერმანია 70 უნივერსიტეტით, იტალია - 60 და საფრანგეთი 44 უნივერსიტეტით.
U.S.News&World Report მიიჩნევს, რომ გლობალური რანჟირება საუკეთესო მაჩვენებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლით არიან დაინტერესებულნი და მეტ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო რეპუტაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
« იხ. ყველა სიახლე