ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-05-11

დისტანციური სწავლების და საქმის წარმოების დანერგვა - გამოკითხვა თსუ-ში

დისტანციური სწავლების და საქმის წარმოების დანერგვა - გამოკითხვა თსუ-ში
COVID-19-ის პანდემიის გამო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე მარტის მეორე ნახევრიდან გადავიდა.  თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დისტანციური სწავლების და საქმის წარმოების დანერგვის, მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტების შესწავლის და მასში ჩართული მხარეების ხელშეწყობის მიზნით, გამოკითხვა ჩაატარა. 3-10 აპრილის ონლაინ გამოიკითხვაში თსუ  შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური, ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამოკითხვის ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ სწავლებისთვის გამოყენებულ პლატფორმებს შორის ყველაზე ხშირად სახელდება Zoom პლატფორმა. ლექციების/სემინარების/სამუშაო ჯგუფების/პრაქტიკუმების 100%-ით სინქრონულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები (70-69%)  ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე გამოვლინდა. გამოკითხულ პროფესორთა 61%-ის თანახმად, სტუდენტთა 75%-ზე მეტი ესწრება ლექციებს. პროფესორთა 94 % აღნიშნავს, რომ სასწავლო კურსით განსაზღვრული სასწავლო მასალის  70%-ზე მეტი  ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის.
აკადემიური პერსონალი ინდივიდუალურ მიდგომას მიმართავს იმ სტუდენტებთან, რომლებსაც განსაკუთრებული პრობლემები აქვთ ინტერნეტსა  და ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებით.  ასეთ სტუდენტებს პროფესორები ცალკეულ სლაიდებს, ხმოვან ფაილებსა თუ სხვა სასწავლო მასალას პირადად აწვდიან. ასევე სახელდება სხვადასხვა პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის გზებიც: „რიდერების“ მომზადება, მცირე ჯგუფებად დაყოფა, დოქტორანტების დახმარება და ა.შ.
აკადემიური პერსონალი ელექტრონული სწავლების ფორმატის ეფექტიანობას დადებითად აფასებს. მათი აზრით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის მიერ გაწეული მხარდაჭერის, ვიდეო-ინსტრუქციებისა და ტუტორიალების როლი. როგორც გამოკითხული პროფესორების 97% აღნიშნავს, მათ უნივერისტეტისგან მიიღეს ვიდეო-ინსტრუქციები, ტუტორიალები, სახელმძღვანელო პრინციპები ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით. აკადემიური პერსონალის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ტრენინგების დამატებით  საჭიროება ონლაინ სწავლების მეთოდებსა და წერითი გამოცდის ჩატარებაზე. 
გამოკითხვის თანახმად, სტუდენტთა  53% -ს სრული წვდომა აქვს ინტერნეტსა და ელექტრონულ მოწყობილობებზე, 42%  აფიქსირებს პასუხს -„მეტ-ნაკლებად“, ხოლო 5%- „არას“. ონლაინლექციაზე დასწრების მაჩვენებლების საერთო სურათი კი შემდეგნაირია: სტუდენტთა უმრავლესობა (36% )   100%-იან დასწრებას აფიქსირებს, ხოლო დასწრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 20%-ში ვლინდება.სტუდენტების უმრავლესობა (88%) აცხადებს, რომ მათ უნივერსიტეტისგან მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია ელექტრონული პლატფორმების გამოყენების შესახებ. ამასთან, გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობა მიჩნევს, რომ პროფესორები ეფექტიანად უძღვებიან ონლაინლექციებსა და სემინარებს.
სტუდენტთა ერთი ნაწილი შუალედური გამოცდის შეფასების სხვა ფორმებით (დავალება, პრეზენტაცია, ესე, კაზუსი და ა.შ) ჩანაცვლებზე,  შექმნილ ვითარებაში ბარიერის შემცირებაზე და დასწრების ქულის კომპონენტის გაუქმებაზე საუბრობს. მეორე კი, დიდ ჯგუფებში ზეპირი გამოკითხვის სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას. ისინი ზეპირი გამოკითხვის საშინაო დავალებებით ან ონლაინ ქვიზებით ჩანაცვლების საუკეთესო პრაქტიკასაც უსვამენ ხაზს.  სტუდენტების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული კურსების სწავლებასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ სირთულეებზე. ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტი სიხშირით აღნიშნულ პრობლემაზე ის სტუდენტები საუბრობენ, რომელთა სწავლებაც პრაქტიკულ, ლაბორატორიულ  კომპონენტს მოიცავს.
სტუდენტები კმაყოფილი არიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ლექტორების ადაპტურობით და მცდელობით, რისი შედეგებიც საუკეთესო პრაქტიკას უახლოვდება. ზოგიერთი სტუდენტი კი მიმდინარე მოვლენების   გრძელვადიან დადებით შედეგებსაც უსვამს ხაზს და პანდემიის შემდეგ დისტანციური სწავლების კომპონენტების შენარჩუნების მნიშვნელობაზეც საუბრობს.
ადმინისტრაციის გამოკითხულ თანამშრომელთა და დამხმარე პერსონალის 87% თვლის, რომ დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის დისტანციურად შესრულება შესაძლებელია. ისინი ეფექტიანად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და ხაზს უსვამენ დისტანციურად სამუშაოს ეფექტიანად შესრულებაში უნივერსიტეტისგან მიღებულ მხარდაჭერას. გამოკითხულთა 89% აღჭურვილია დისტანციური მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით.  დისტაციური მუშაობისთვის გამოყენებულ პლატფორმებს შორის კი ყველაზე ხშირად სახელდება E-mail. თითქმის თანაბარი სიხშირით გამოიყენება სოციალური ქსელები, Zoom და eDocument, დასახელდა სხვა სისტემებიც. 
რესპონდენტების ნაწილი დისტანციურად მუშაობის ეფექტიანობის გასაზრდელად მეტი კომუნიკაციის საჭიროებას უსვამს ხაზს, ნაწილი ფუნქციების გამჭვირვალე განაწილებაზე, შესასრულებელი სამუშაოს გეგმის და ვადების შედგენაზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა  პერსონალის კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების საჭიროებასაც ასახელებს. გამოიკვეთა სწავლის ელექტრონული სისტემის (LMS) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფისა და დამატებითი ფუნქციებით აღჭურვის საჭიროებაც.
თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდა აკადემიური პერსონალის სურვილის გათვალისწინება და ელექტრონული სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა, სტუდენტების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მუდმივი ინფორმირება ტექნიკურ თუ სხვა შინაარსის სიახლეების თაობაზე. ამ სახის რამდენიმე ტრენინგი უკვე გაიმართა, უცხოელ კოლეგებთან მოლაპარაკებების თანახმად კი მაისში დაგეგმილია კიდევ სამი ტრენინგი, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის კიდევ უფრო უკეთესად წარმართვას.

Print

« იხ. ყველა სიახლე