დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალურად დამტკიცებული სიმბოლიკა არ ჰქონია. არსებობს მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის თებერვლის სხდომის ოქმი, უნივერსიტეტის
ბეჭდის დამტკიცების თაობაზე. წლების განმავლობაში იცვლებოდა უნივერსიტეტის ემბლემა. თავდაპირველი, დიმიტრი შევარდნაძისეული ბეჭდის მიხედვით შექმნილი ბეჭდის გამოსახულება შეცვალა საბჭოთა სიმბოლიკამ, მოგვიანებით - სტილიზებულმა ირმების გამოსახულებამ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კვლავ გამოჩნდა საუნივერსიტეტო ბეჭდვით პროდუქციაზე შევარდნაძისეული არტეფაქტი. რაც შეეხება უნივერსიტეტის დროშას, იგი მხოლოდ ბოლო პერიოდში გამოჩნდა, ისიც არაოფიციალური. დროშა ხან ცისფრია, ხან - თეთრი.
ოფიციალური სიმბოლოების გამოსახულებას და მათი გამოყენების წესს იურიდიული დოკუმენტი უნდა არეგულირებდეს. სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან, რომელსაც სთხოვა, მოემზადებინა გერბის ბლაზონი (აღწერილობა), უნივერსიტეტის მმართველი ორგანოს შეაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცების მიზნით.
უნივერსიტეტის სიმბოლიკის შექმნის საკითხი თსუ-ს სენატმა განიხილა, რომელმაც განსაზღვრა: უნივერსიტეტის დროშა უნდა გამოხატავდეს, რომ „ივანე ჯავახიშვილისა და მის თანამოაზრეთა მიერ 1918 წელს დაფუძნებული პირველი ქართული უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს, ცივილიზებულობის, დემოკრატიულობისა და თვითმყოფადობის სიმბოლოა“. ჰერალდიკის საბჭომ სიმბოლიკის სავარაუდო ესკიზები თსუ-სთვის უსასყიდლოდ დაამზადა.
თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, საუბარი არ არის დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილი ემბლემის შეცვლაზე. “უნივერსიტეტის ემბლემა არ შეიცვლება, ჰერალდიკოსებმა გარდა ტრადიციული გამოსახულებისა, განსახილველად შემოგვთავაზეს სხვა ესკიზური ვარიანტებიც, კერძოდ დიმიტრი შევარდნაძისეული
არტეფაქტი ჰერალდიკურ ფარზე, რომელსაც დაამატეს ერთი ელემენტი - დევიზი (ზონარი გერბის ქვედა ნაწილში), ქართულ-ლათინური წარწერით: „ტფილისის უნივერსიტეტი – Universitas Tfilisiensis“ (სწორედ ასეთი სახელწოდებაა ამოტვიფრული უნივერსიტეტის პირველ ბეჭედზე), აგრეთვე დავიტანოთ უნივერსიტეტის გახსნის თარიღი „1918“.
რაც შეეხება დროშას - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ აქაც რამდენიმე ვარიანტია შემოთავაზებული, კონცეპტუალურად აღებულია ლურჯი ფერი (თუმცა არის ალტერნატივა - თეთრი ფერის დროშის ესკიზებიც) და მასზე დადებულია დიმიტრი შევარდნაძისეული გერბის გამოსახულება (იმისდა მიხედვით, რომელ ვარიანტს მისცემს საუნივერსიტეტო საზოგადოება უპირატესობას: უცვლელად შევარდნაძისეულ მრგვალ არტეფაქტს, თუ ჰერალდიკურ ფარზე დატანილს, დევიზითურთ). ჰერალდიკოსები განსახილველ ვარიანტად გვთავაზობენ, დროშაზე დატანილ იქნეს 1918-21 წლის, ანუ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის ფერებიც: თეთრი, შავი და მეწამული და ამითი ხაზი გავუსვათ ახლადდაარსებული უნივერსიტეტისა და პირველი რესპუბლიკის, ანუ თავისუფალი საქართველოს ურთიერთკავშირსა და ივანე ჯავახიშვილის მონაწილეობას დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შემუშავების პროცესში.
გერბისა და დროშის ესკიზებზე მუშაობდა ცნობილი სპეციალისტი მამუკა გიორგაძე, რომელიც უამრავ სხვა გერბთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორიცაა.
საუნივერსიტეტო სიმბოლიკა ნორმატიული დოკუმენტით უნდა იყოს რეგლამენტირებული, მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ აპირებს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას. ესკიზები (როგორც ტრადიციული, ასევე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ შემოთავაზებული) საუნივერსიტეტო განხილვის საგნად იქცევა. ყველა გონივრული აზრი და რჩევა იქნება გათვალისწინებული, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სენატი მიიღებს.“
იხილეთ დროშისა და გერბის ესკიზები