2019-06-20

ჯემალ ხუბუა - 80

ჯემალ ხუბუა - 80
 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა სამეცნიერო სემინარი; „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“, რომელიც პროფესორ ჯემალ ხუბუას დაბადების 80 წელს მიეძღვნა. ღონისძიებაზე თსუ-ში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის თსუ  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი პროფესორი ჯემალ ხუბუა დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით. 

ჯემალ ხუბუა 1962 წლიდან მუშაობს თსუ-ში. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. 1994 – 2017 წწ იყო საქართველოს გაერთიანებული გუნდის „თბილისის“ ხელმძღვანელი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში.. იგი თანაავტორია გახმაურებული ნაშრომისა ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ „Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC" რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალ Phys.Lett. B716 (2012) 1-29“. მის შრომებს გააჩნია ძლზე მაღალი ჯამური ციტირება (ასი ათასზე მეტი). 2004 წელს ჯემალ ხუბუას მიენიჭა ქ. დუბნის, „ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო თანამშრომლის“ წოდება. ხოლო 2006 წელს მიღებული აქვს „ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დიპლომი.

2007 წლის მაისში მას მიენიჭა საქართველოს მთავრობის ღირსების ორდენი, „საქართველოში ფიზიკის განვითარების საქმეში, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებასა და ახალგაზრდა ფიზიკოსთა აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

კოლეგებთან ერთად მინიჭებული აქვს 2010 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში, შრომისათვის: „ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და მაკონტროლებელი სისტემის შექმნა დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ატლასისთვის“.
 
2012 წლის ნოემბერში,  თანაავტორებთან ერთობლივად გამოცემული წიგნი (2-ტომეული): "JINR contribution to the design and construction of the ATLAS hadron tile calorimeter", დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერების ისტორიის საზოგადოების მედლით, როგორც საუკეთესო წიგნი ფიზიკაში, ქართველი ავტორის მონაწილეობით. 2015 წლის 25 სექტემბერს ქ.დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ჯემალ ხუბუას მიენიჭა ამავე საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება.


Print

« იხ. ყველა სიახლე