2017-02-08

თსუ 99 წლის იუბილე

თსუ 99  წლის იუბილე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის საიუბილეო ღონისძიება გამოფენით „პირველი“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მასალები პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობის, პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნისათვის მზადების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პირველი პროფესორების, ევროპაში წარგზავნილი სტუდენტების, ევროპაში განათლება მიღებულ ქართველ მეცნიერთა მიღწევების შესახებ.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „საიუბილეო საღამოს სხვადასხვა თაობის პროფესურა, სტუდენტები, ყოფილი უნივერსიტეტელები დაესწრნენ, დაანონსდა რამდენიმე სიახლე. მათ შორის, უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც დაარსდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ სტუდენტებს დავეხმაროთ, მეორეს მხრივს კი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, შევქმნათ უკეთესი სასწავლო და კვლევითი გარემო. დღეს გვაცნობეს, რომ მომავალ წელს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება.“ 

„უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო ქართული სულიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ადგილი. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ამ კედლებში ცოცხლობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპული ოჯახის მიმართულებით. ევროპული კულტურა, ევროპული ცივილიზაცია ევროპაში საუნივერსიტეტო ცხოვრების ირგვლივ შეიქმნა. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს ევროპული გზა უნივერსიტეტზე გადის,“- აღნიშნა უნივერსიტეტის კურსდამთვრებულმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია გადასცა საჩუქრად.  

უნივერსიტეტის კურსდამთვრებულმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა და  განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უნივერსიტეტს გადაეცემა 300 სტუდენტისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებელი ლისის ტბაზე. 

როგორც თბილისის მერმა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და პროფესორმა დავით ნარმანიამ  განაცხადა, „ უნივერსიტეტი არის ადამიანური ურთიერთობების განსაკუთრებული სკოლა, ეს არის ცოდნის ტაძარი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. ის ყოველთვის იყო და დარჩება პირველი ძალიან ბევრი თვალსაზრისით“. დედაქალაქის მერმა უნივერსიტეტს მერიის საჩუქარი - ბიზნესლაბორატორია „ფაბლაბი“ გადასცა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, უნივერსიტეტელმა გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სახელით განაცხადა, რომ მომავალ წელს, საკრებულო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეზე  საჩუქრად გადასცემს დავით აღმაშენებლის ძეგლს, რომლის ავტორიც ცნობილი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილია. 

უნივერსიტეტის განვითარების ფონდში, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო  და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს, TBC ბანკი პირველ კონტრიბუციას განახორციელებს. ამის შესახებ  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, თიბისი ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშის ე.წ. „ბეგთაბეგისეული“ ნუსხის ფოტოტიპური გამოცემა, რომელიც თიბისი ბანკის ხელშეწყობით დაიბეჭდა. 

საიუბილეო ღონისძიებაზე ცნობილი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორის მიხეილ ზანდუკელის პორტრეტი უნივერსიტეტის მუზეუმს  საჩუქრად გადასცეს ზანდუკელის შთამომავლებმა. თსუ სტამბის ხელმძღვანელმა თენგიზ სირაძემ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსახსოვრა წიგნი ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკიდან. 

უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით თსუ წარჩინებული სტუდენტები  სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
 
 

Print

« იხ. ყველა სიახლე