2018-12-28
შემაჯამებელი საიუბილეო ღონისძიება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, მიუნხენის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორის
გია დვალის, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ პროფესორის
დავით ლორთქიფანიძის და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის
ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“. ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ ორგანიზებული წლის შემაჯამებელი ღონისძიება - საჯარო ლექცია უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.
„ძალიან საინტერესო ლექცია ჩაატარეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, უნივერსიტეტის საზოგადოების წევრებმა. ეს იყო მათი საჩუქარი უნივერსიტეტს, რომელიც მიეძღვნა ჩვენს საიუბილეო თარიღს - უნივერსიტეტის 100-წლისთავს. ამ ღონისძიებით დავასრულეთ საიუბილეო წელიწადი. იმედია, რომ ჩვენი ძალიან ბევრი კურსდამთავრებული ასევე მხარში ამოგვიდგება და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში“- განაცხადა
გიორგი შარვაშიძემ.
უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება უწოდა ჩატარებულ საჯარო ლექციებს გია დვალმა. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ პროფესორის დავით ლორთქიფანიძის თქმით კი - ქართველი მეცნიერების ამოცანაა ყველას აჩვენოს, რომ საქართველო თავისი წარსულით არის მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში.
„ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, უნივერსიტეტი არის ის დაწესებულება, რომელიც არის ლიდერი მთლიანად საქართველოს ინტელექტუალური განვითარების. ძალიან დიდი პატივია, რომ 100 წლის იუბილეს ბოლო დღეს ჩვენი ლექცია იყო. ჩვენ ვცადეთ წარმოგვედგინა სხვადასხვა მეცნიერების საშუალებით ერთი პროცესი,“- აღნიშნა
დავით ლორთქიფანიძემ.
„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მოგვეცა საშუალება ფართო აუდიტორიისთვის წარმოგვედგინა კვლევები და გვეჩვენებინა, რომ დღევანდელი მეცნიერება და შემეცნების პროცესი არის მულტიდისციპლინარული და ერთი და იგივე საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას სხვადასხვა კუთხით. ეს ღონისძიება ნაწილია უნივერსიტეტის საზოგადოების აქტივობის, რაც გულისხმობს ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობასა და უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ჩართვას,“- განაცხადა
ზაალ კოკაიამ.
ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება თსუ-ში 2017 წლის 15 დეკემბერს აღდგა და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას, აერთიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს.
« იხ. ყველა სიახლე