2018-12-10

ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებითი საღამო

ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებითი საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტელი პოეტის, ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ კურსდამთავრებული, პოეტი ვახტანგ ჯავახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. საღამო, პოეტის მეუღლის, ნანა ღრუბელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ღონისძიებაზე პოეტის ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა თემაზე დისკუსია გაიმართა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ვახტანგ ჯავახაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუდენტების მიერაა ორგანიზებული. „ბატონი ვახტანგი ჩვენი კურსდამთავრებულია. ბევრი მისი თანაკურსელი გამოჩენილი მწერალი და პოეტი გახდა. ეს არის 60-იანელების ის თაობა, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში მთელი ეპოქა შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები მის შემოქმედებას კარგად გაეცნონ" - აღნიშნა თსუ რექტორმა.

„დღეს ჩემს მშობლიურ და დაუვიწყარ უნივერსიტეტში მოვედი, სადაც 5 წელი გავატარე. ეს იყო 1951-56 წლები. შევხდი სტუდენტებს, რომლებთანაც საინტერესო საუბარი გვქონდა, წავიკითხე ლექსები, ვუპასუხე შეკითხვებს და გავიხსენე ჩემი ახალგაზრდობა, ეს იყო ჩემთვის საინტერესო დღე და საინტერესო საათები,“ - განაცხადა პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ .

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის ანა გოგოლაძის თქმით, სტუდენტების სურვილი იყო პირადად პოეტისგან მოესმინათ მისი შემოქმედების შესახებ. „ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედება მე-20 – 21-ე საუკუნეს აერთიანებს. მას არაერთი პრიზი აქვს მიღებული პოეზიის დარგში, დღევანდელი ჩვენი საღამო სწორედ ბატონი ვახტანგის პოეზიას მიეძღვნა,“ - აღნიშნა სტუდენტმა.

ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია – ,,გალა’’ (2008) ნომინაციაში წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი წიგნისათვის უცნობი, ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2011). წიგნისთვის ელეგია 2017 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემიები – ,,ლიტერა’’ და ,,საბა’’ (ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური კრებული).



Print

« იხ. ყველა სიახლე