ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ პოლონეთის პომერანიის უნივერსიტეტისა წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას პომერანიის უნივერსიტეტის რექტორი
ზბიგნიევ ოსადოვსკი, ვიცე-რექტორი სამეცნიერო მიმართულებით
ალექსანდერ ასტელი, პროფესორი
დარიუშ შპოპერი,
რექტორის ოფისის დირექტორი
მაუჟენა ლუკასიკი და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
ირაკლი ბურდული ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.
2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო თანამშრომლობას ამავე ფაკულტეტის სამართლის ისტორიის მიმართულებასა და პოლონეთის ქ. გდანსკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამართლის ფაკულტეტთან. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთში ჩატარდა შვიდი "პოლონურ-ქართული სამეცნიერო კოლოქვიუმი". 2015 წელს პროფესორ დარიუშ შპოპერს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 2016 წლიდან გამოიცემა ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალი "პოლონურ-ქართული სამართლის მიმოხილვა", სადაც იბეჭდება ქართველ, პოლონელ და სხვა ევროპელ მეცნიერთა სტატიები სამართლის ისტორიის მიმართულებით. 2018 წლიდან კი - სამართლის სხვა მიმართულების წარმომადგენლების (როგორც ქართველ, ისე უცხოელ) მეცნიერთა სტატიები, რამაც თემატურად უფრო საინტერესო გახადა ჟურნალი. ჟურნალი გამოიცემა პოლონეთში.