ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-08-15

თსუ რექტორის არჩევნები

თსუ რექტორის არჩევნები
16 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან 13 კანდიდატი (ვლადიმერ პაპავა,  გიორგი ქავთარაძე,  გიორგი ბარამიძე,  ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა,  მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე) მიიღებს მონაწილეობას. რეგისტრირებულმა კანდიდატმა მარინე ჩიტაშვილმა 14 აგვისტოს საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა. 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თსუ ასოცირებული პროფესორის დავით ბოსტოღანაშვილის განცხადებით, „საარჩევნო უბანი 13.30 საათზე გაიხსნება, კენჭისყრა 14.00  საათზე დაიწყება და 16.00 საათამდე გასტანს. საარჩევნო კომისიის 9 წევრიდან 7-თსუ თანამშრომელია, ხოლო 2 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნები“) წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს 9 არასამთავრობო ორგანიზაციის   წარმომადგენლები დააკვირდებიან.“ 

თსუ რექტორის არჩევნები 14.00 საათიდან 16.00 საათამდე გაიმართება.  ახალი რექტორი აირჩევა ფარული კენჭისყრით. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს -7 ხმას მიიღებს.  თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 7 ხმა, მაშინ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. არჩეული რექტორი უფლებამოსილების შესრულებას აკადემიური საბჭოს მიერ ოქმის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.

თსუ რექტორის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით აკრედიტაცია  შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარეს: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“, „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“, „ახალგაზრდა ადვოკატები“, „თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“, „თავისუფალი არჩევანი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი
Print

« იხ. ყველა სიახლე