ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-15

მისია 2018

მისია 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი - „მისია 2018“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა.

„მისია 2018“-ის ფარგლებში კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები. წელს პროექტის პარტნიორი კომპანია „ას ჯორჯია-დირსია“.   
        
კონკურსი უნივერსიტეტსა და კომპანია „ას ჯორჯია-დირსის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ თანამშორმლობაზე თანხმდებიან, რომელიც სტუდენტური პროექტების მხარდაჭერას, ერთობლივ ღონისძიებებს, სტაჟირებასა და სხვა აქტივობებს მოიცავს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კომპანია „ას ჯორჯია-დირსის“  დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა მოაწერეს ხელი.   
  
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სტუდენტური კონკურსის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ას ჯორჯია-დირსთან“ სტაჟირების პროგრამების წამოწყებასაც გეგმავს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსამყაროსთან ურთიერთობა. კარგია, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი „დირსია“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უკვე 50 კომპანია თანამშრომლობს. ეს ძალიან კარგი საფუძველია სტუდენტთა დასაქმების, სტაჟირების კუთხით,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.            

„ას ჯორჯია-დირსის“ გენერალური დირექტორის ბესიკ ჯიქურაულის თქმით, სტუდენტური პროექტი „მისია 2018“ ურთიერთპროდუქტიულია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საწინდარია. „ვფიქრობთ, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ კონკურსში. „მისია 2018“-ის გარდა, სტუდენტებს ტრენინგების პროგრამასაც ვთავაზობთ. წლის განმავლობაში დაახლოებით 15-მდე სტუდენტი „ას ჯორჯია-დირსის“ კომპლექსში სტაჟირების კურსს გაივლის,“ - აღნიშნა ბესიკ ჯიქურაულმა.

კომპანია „ას ჯორჯიას“ საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტია. 200 მილიონიანი ინვესტიცია მოიცავს, როგორც თავად კომპლექსს ასევე, სამშენებლო მასალების ადგილობრივ საწარმოს. 

სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში  ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში ფინალისტი გუნდები პარტნიორი კომპანიის დავალებაზე იმუშავებენ. ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში კონკურსანტები მათთვის მომზადებულ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან.  ფინალში გასული სტუდენტები კომპანიის სათაო ოფისსა და „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსსაც მოინახულებენ.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს კომპანია „ას ჯორჯია-დირსი“ გადასცემს: პირველი ადგილის მფლობელი გუნდი 2500 ლარს, მეორე - 1500 ლარს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს მიიღებს.

კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდება. ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 300-მა გუნდმა მიიღო. წინა წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“ და „სანტე“ და „თიბისი ბანკი“.


Print

« იხ. ყველა სიახლე