საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე
ნუნუ მიცკევიჩთან და თსუ-ს რექტორ
გიორგი შარვაშიძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. პროექტი, რომლის ღირებულება 21,3 მლნ ლარს შეადგენს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ხორციელდება უნივერსიტეტში და სტუდენტებისთვისა და პროფესურისთვის ევროპული დონის კვლევითი და სასწავლო სივრცის შექმნის საშუალებას იძლევა. მისივე განმარტებით, 2020 წლის სექტემბრიდან მეორე კორპუსში ნაწილობრივ აღდგება სასწავლო პროცესი, კორპუსის სრული რეაბილიტაცია კი 2021 წელს დასრულდება. „ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მეორე კორპუსი იქნება სრულად თანამედროვე, ევროპული დონის კვლევისა და სწავლების სივრცე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ინფრასტრუქტურული ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდეს“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი პროექტის შედეგებით კმაყოფილია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სულ მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე.
„დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დავათვალიერეთ სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მეორე კორპუსში. პირველ რიგში, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ უნივერსიტეტს პირველი კორპუსის რეაბილიტაცია სრულად დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ“ ფონდმა, რის შედეგადაც თსუ-ს დღეს აქვს ღირსეული პირველი კორპუსი, ისეთი, როგორიც ეკადრება დედა უნივერსიტეტს“, -განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და დასძინა, რომ
„ამჟამად მიმდინარეობს მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც გახლავთ ასევე ისტორიული შენობა და პროექტის მთლიანი ღირებულება გახლავთ 27 მილიონი ლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც მოხმარდება მეორე კორპუსის სრულ რეაბილიტაციას. ეს გახლდათ სახელმწიფოს საჩუქარი უნივერსიტეტისთვის, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროცესი მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, ძალიან კმაყოფილი ვართ პირველი შედეგებით. თსუ-ს სულ მალე ექნება ისეთი მეორე კორპუსი, როგორიც ეკადრება მის ღირსებას, ისტორიასა და თანამედროვეობას“.
თსუ-ს მეორე კორპუსის რეაბილიტაციისთვის ჯამში 27 მილიონი ლარი დაიხარჯება. თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
ლაშა საღინაძის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყო, რისთვისაც განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ 5,7 მლნ ლარი გამოყო. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სრულად მოხდება შენობის რეაბილიტაცია, მოეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სულ გარემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.
შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. სალექციო პროცესი თსუ-ს სასწავლო კორპუსებში გადანაწილდება.
თსუ-ს მეორე კორპუსი 1940 წელს თსუ კურსდამთავრებულის, არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული.