2018-10-02

ფრანგულ-ქართული ერთობლივი პროექტები თსუ-ში

ფრანგულ-ქართული ერთობლივი პროექტები თსუ-ში
ნეირომეცნიერების, მათემატიკური ანალიზის, არქეოლოგიის, ღვინის ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბორდოს (საფრანგეთი) უნივერსიტეტს შორის. ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პერსპექტივები დაიგეგმა თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძესა და ბორდოს უნივერსიტეტის პრორექტორს სტეფანი დებეტს შორის გამართულ შეხვედრაზე.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბორდოს უნივერსიტეტის პრორექტორთან, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა  მეცნიერთან ნევროლოგიის მიმართულებით. განვიხილეთ უამრავი საკითხი და შევთანხმდით სამომავლო ურთიერთობაზე რამდენიმე მიმართულებით; მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, ნევროლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა. შევთანხმდით, რომ მომავალში ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ, რომელთაც წარვადგენთ დასაფინანსებლად ევროპულ საგრანტო კონკურსებზე. ვიმედოვნებთ, რომ ბორდოს უნივერსიტეტი ჩაებმება ფრანგულ-ქართულ ინიციატივაში, რომელიც გულისხმობს, რამდენიმე უნივერსიტეტისა და პროგრამის მასპინძლობას საქართველოს უნივერსიტეტებში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თსუ რექტორთან შეხვედრაზე სწორედ იმ პოტენციურ მიმართულებებზე გვქონდა საუბარი, რომელთა ფარგლებშიც ბორდოს უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალში ითანამშრომლებენ,“ - აღნიშნა სტეფანი დებეტმა.


Print

« იხ. ყველა სიახლე