2015-04-30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს.

გამარჯვებული  106 პროექტიდან 33  - თსუ  მეცნიერების მიერ არის  წარდგენილი, მათგან  2 საპროექტო განაცხადში თსუ თანამონაწილე ორგანიზაციის სახელითაა.  გამარჯვებულ პროექტებში თსუ  მეცნიერები თანამშრომლობენ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ქართველოლოგიური სკოლის ფონდის მეცნიერებთან.

სსიპ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში სულ   556 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან 150  - თსუ-ს სახელით.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

საკონკურსო პირობების მიხედვით პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 50 000 ლარს.

Print

« იხ. ყველა სიახლე