2020-09-04
თსუ კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.
თსუ უკვე მეხუთე წელია ხვდება თაიმსის რანჟირებაში და წელს 1001+ პოზიციას იკავებს. წლევანდელ რანჟირებაში უნივერსიტეტის ყველაზე ძლიერი მხარე ინტერნაციონალიზაცია (მსოფლიოს მასშტაბით 657-ე პოზიცია) - საერთაშორისო შესაძლებლობების კომპონენტია.
თსუ პირველად თაიმსის უნივერსიტეტების მსოფლიო რანჟირებაში 2017 წელს, 801+ პოზიციით აღმოჩნდა, მაშინ რანჟირებაში სულ 980 უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი. 2018 წლიდან, გაზრდილი კონკურენციისა და თაიმსის რანჟირების პოპულარობის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა როგორც რანჟირების შესარჩევ ეტაპზე მონაწილე, ასევე მასში წარმოდგენილი უნივერსიტეტების რიცხვი. 2021 წლის გამოცემაში თსუ მსოფლიოს 93 ქვეყნის საუკეთესო 1500 უნივერსიტეტს შორისაა.
1001+ პოზიციას თსუ-სთან ერთად იკავებენ პრესტიჟული უნივერსიტეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქყვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან (James Madison University, University of North Carolina Wilmington, Oakland University, Texas State University), დიდი ბრიტანეთიდან (Staffordshire University), კანადიდან (University of Lethbridge), საფრანგეთიდან (Paris Nanterre University), ესპანეთიდან (University of A Coruña) და სხვა.
თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანჟირების სისტემაა. აღსანიშნავია, რომ თაიმსის მეთოდოლოგიის მიხედვით, შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის უდიდეს ნაწილს - 63% ს იკავებს ციტირების მაჩვენებელი, რომელსაც თაიმსი თავად მოიპოვებს Elsevier სამეცნიერო ბაზიდან და უნივერსიტეტის რეპუტაცია სწავლებასა და კვლევაში.
თაიმსის რანჟირება უნივერსიტეტებს სიღრმისეულად, 13 ინდიკატორისა და 5 მიმართულების მიხედვით აფასებს:
- სწავლება
- კვლევა
- ციტირება
- ინდუსტრიული შემოსავალი
- ინტერნაციონალიზაცია
იხილეთ ბმული.
« იხ. ყველა სიახლე