2020-08-24

"Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები და მისი გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე“

"Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები და მისი გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა თემაზე:  „Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები და მისი გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე“. ღონისძიების მასპინძელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდათ.  
კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე გიორგი შარვაშიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი  და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები ესწრებოდნენ. 
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მესამე შეხვედრაზე უმაღლესი განათლების სფეროში კორონავირუსით  გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებზე და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სირთულეებზე  ისაუბრეს.  
კონფერენციაზე განხილული იყო კორონავირუსით  გამოწვეული კრიზისის გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე; უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხები და ადმინისტრირების თვალსაზრისით არსებული სირთულეები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ცვლილებებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში, კლასტერული აკრედიტაციის/ინსტიტუციური აკრედიტაციის როგორც ფინანსების და ადამიანური რესურსის დაზოგვის ერთ-ერთ წინაპირობაზე,  დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებში. 
 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში. ვისაუბრეთ განვითარების პერსპექტივებზე, იმაზე, თუ როგორ ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის, რაზე ვაკეთებთ აქცენტს, რა არის ძირითადი პრობლემები. ამ ყოველივეს ჩვენ რეკომენდაციის ფორმას მივცემთ და მივაწვდით შესაბამისს უწყებებს,”- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, მონაწილეებმა შეხვედრაზე შეაჯამეს განვლილი გაზაფხულის სემესტრი, არსებული გამოწვევები. "ვისაუბრეთ იმის შესახებ,  თუ რომელი პლატფორმები გამოვიყენეთ ფორსირებულ სიტუაციებში უნივერსიტეტებმა.  ახალ სემესტრშიც მოგვიწევს კოვიდ 19-თან თანაცხოვრება. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს.”- განაცხადა მერაბ ხალვაშმა.   ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე დაყრდნობით მან აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესი იქნება შერეული ფორმით, გამოყენებული იქნება სწავლების ონლაინ პლატფორმები, როგორც სინქრონული, ასევე ასიქრონული, პრაქტიკული მეცადინეობები, ლაბორატორიულ ჯგუფებში მუშაობა, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცეში ჩატარდება, 
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაზე განხილული თემები შეაფასა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძემაც. „უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც უნივერსიტეტის რექტორები ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ გამოცდილებას, იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს მათ წარსულ სემესტრშო კოვიდის გამოწვევების გადალახვა. ამასთანავე, ვგეგმავთ მომავალს. გასაგებია,რომ წარსულში გვქონდა გარკვეული წარმოდგენები ონლაინ სწავლების თანამედროვე კომპონენტებზე, თუმცა,  დღეს ვართ რეალობის წინაშე - როდესაც ჩვენი გეგმები უკვე განხორციელების სტადიაშია და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი  განათლება, რომელსაც შევთავაზებთ ახალგაზრდებს, იყოს საუკეთესო ხარისხის, სტუდიენტების კმაყოფილება კი  საკმაოდ მაღალი,”- აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.
დისკუსიის ბოლოს თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტებს შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წელს დაფუძნდა, რომელიც   იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum”  ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების  უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა.  რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.

Print

« იხ. ყველა სიახლე