ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
2018 წლის "გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებ"-ის კონკურსით დაფინანსებული პროექტების ლიდერია. კონკურსში გამარჯვებული 14 პროექტიდან თსუ 7-ში მონაწილეობს (საერთო ნაკადის 50%-ში), აქედან 5-ში, როგორც წამყვანი ორგანიზაცია და 2-ში, - როგორც თანამონაწილე.
კონკურსის ფარგლებში ფინანსდება სამი კატეგორიის პროექტი: პირველი კატეგორია - ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული ორგანიზაციებისათვის; მეორე კატეგორია - ინოვაციური კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის; მესამე კატეგორია - კვლევითი კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის.
გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა სამეტაპიანი კონკურსის ფარგლებში (I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა; II ეტაპი - პროექტის წარდგენა; III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია). კონკურსის ბოლო ეტაპზე საკონკურსო კომისიის წინაშე პრეზენტაციით წარდგა 23 პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი/ძირითადი პერსონალი. გამარჯვებული 14 პროექტიდან პირველი კატეგორიით დაფინანსდა 8 პროექტი (აქედან თსუ-დან 3), მეორე კატეგორიიდან - 6 პროექტი (აქედან თსუ-დან 4, მათ შორის 2 პროექტში თანამონაწილის სტატუსით).
პროექტების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა - 1 წელი (12 თვე). ფონდიდან მოთხოვნილი წლიური საგრანტო დაფინანსება ერთი ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 140 000 ლარს, ხოლო მთლიანი კონსორციუმისათვის - 420 000 ლარს.
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, კლასიფიკატორის შესაბამისად. საგრანტო კონკურსში მონაწილე პროექტი უნდა ითვალისწინებდეს: ა) ტრენინგს სამეწარმეო/ინოვაციური აზროვნების საკითხებზე; ბ) ინოვაციას, ტექნოლოგიის ტრანსფერსა და მათთან ასოცირებული კვლევის კომპონენტებს; გ) პროტოტიპის, ნიმუშის, პროგრამული უზრუნველყოფის (software) ან ტექნოლოგიის შექმნას; დ) სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციისა და ა.შ. შექმნას და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავებას/სრულყოფას. ამასთან, სასურველია, პროექტით განსაზღვრული იყოს საერთაშორისო თანამშრომლობა.
გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული კვლევის მასალებზე დაყრდნობით შექმნას ინტელექტუალური საკუთრება: პატენტით, საავტორო უფლებით, სასაქონლო ნიშნით დაცული ინტელექტუალური საკუთრება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების მასალებზე პუბლიკაცია სასურველია გამოქვეყნდეს საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემაში, რომლებიც ხილვადია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში: Scimago Journal Ranking, Scopus, Web of Science, ERIH plus. ან გამოქვეყნებულია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მარდაჭერით გამოცემულ საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად ჟურნალები: Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (ა. რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები) და Annals of Agrarian Science (აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე). პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შედეგების ამსახველი მონოგრაფიის გამოცემის შემთხვევაში კი, - იგი დამტკიცებული უნდა იყოს წამყვანი ორგანიზაციის დარგობრივი სარედაქციო/ საგამომცემლო/სამეცნიერო/აკადემიური საბჭოს, ან მასთან გათანაბრებული სტრუქტურის მიერ.