2019-06-19
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და პეკინის უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტსა და პეკინის (ჩინეთი) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ვიცე დეკანმა
ვანგ ჟიფენგმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, განიხილება თსუ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (პროგრამის ხელმძღვანელი პროფ.
ნინო ჩიხლაძე) ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დელეგაცია, მათ შორის გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
ძი-ჯი ძენი გაეცნო თსუ მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებს, სამედიცინო პრაქტიკული მეცადინეობების სისტემას.
„ეს არის პირველი მემორანდუმი სამედიცინო მიმართულებით, რომელიც გაფორმდა მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს უნივერსიტეტთან - პეკინის უნივერსიტეტთან. საამაყოა, რომ სამედიცინო ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით გვექნება გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი კვლევები და ვვარაუდობთ, რომ წლების განმავლობაში უფრო მეტი სტუდენტი გვეყოლება, როგორც აქ - საქართველოში, ისე პეკინის უნივერსიტეტში წარგზავნილი,“- განაცხადა
გიორგი შარვაშიძემ.
„პირველად ვიმყოფები საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერით მოხდება ჩვენი უნივერისტეტების ძალიან კარგი კოლაბორაცია,“- აღნიშნა
ვანგ ჟიფენგმა.
პეკინის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ინიციატივით, თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, 8-12 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პეკინის უნივერსიტეტში. ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ძი-ჯი ძენისთან და დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან, პეკინის უნივერსიტეტის მესამე ჰოსპიტალის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან. თსუ დელეგაციის წევრებმა პეკინის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს წარუდგინეს მოხსენებები ჯანდაცვის და განათლების აქტუალურ თემებზე.
« იხ. ყველა სიახლე