2020-03-04
მუსიკათერაპია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საქართველოში მუსიკოთერაპიის განვითარება მუსიკალური კომუნიკაციის პრაქტიკული სავარჯიშოებით იწყება, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს. პრაქტიკული სავარჯიშოები მუსიკოთერაპიაში ნებისმიერი პრობლემის მქონე ადამიანსა და თერაპევტს შორის მუსიკალური კომუნიკაციის დამყარებასა და მუსიკის საშუალებით სათქმელის გადმოცემას გულისხმობს.
მუსიკოთერაპიის განვითარების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აუქსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი
სუზან მეცნერი ეწვია. პროფესორმა ადამიანის ცხოვრებაში მუსიკოთერაპიის როლზე საჯარო ლექცია წაიკითხა. სამი დღის განმავლობაში იგი მუსიკოთერაპიის საფუძვლებში პრაქტიკული სავარჯიშოებს დარგის სპეციალისტ
მარინა ალთუნაშვილთან ერთად გაუძღვება.
თსუ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის თქმით, მუსიკოთერაპიის როლი სხვადასხვა ტიპის პრობლემის მქონე ადამიანების დახმარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებისადმი ინტერესი საქართველოში ნელ-ნელა იზრდება. „არის შემთხვევები, როცა უბრალოდ სიტყვებით ვერ გამოთქვამ, რასაც გრძნობ, მუსიკოთერაპიის დროს კი, თერაპევტთან ერთად მუსიკით გადმოსცემ სათქმელს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ შენ არანაირი ცოდნა არ მოგეთხოვება, ინსტრუმენტზე უკრავ, როგორც შეგიძლია და ასე ამყარებ კომუნიკაციას,“ - აღნიშნა
თამარ გაგოშიძემ. მისივე თქმით, თსუ-ში ჩატარებული პრაქტიკული სავარჯიშოები აკადემიურ სივრცეში მუსიკოთერაპიის დამკვიდრებასა და ზოგადად, ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებას ემსახურება.
პრაქტიკულ სავარჯიშოებს ბავშვებთან, მოზრდილებთან თუ სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებთან მომუშავე 20 სპეციალისტი დაესწრება, რომლებიც მუსიკოთერაპიის პრინციპებს პრაქტიკაში გაეცნობიან. სავარჯიშოები იქნება, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.
აუქსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის სუზან მეცნერის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიაროს. „მე დაინტერესებული ვარ საქართველოთი და თბილისით, გარდა ამისა თამარ გაგოშიძესთან და მარინა ალთუნაშვილთან მუშაობა ჩემთვის საინტერესოა, ისინი ცდილობენ მუსიკალური კურსი შექმნან და მე ამ საქმეში ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ,“ - აღნიშნა
სუზან მეცნერმა.
სამუშაო ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში იმუშავებს და ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
მუსიკოთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მუსიკის მეშვეობით კურნავს ადამიანს.
« იხ. ყველა სიახლე