2019-07-04

თენგიზ ცერცვაძე - 70

თენგიზ ცერცვაძე - 70
საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელის, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი  ინიციატორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საღამო თსუ პროფესორს, მედიცინის  ფაკულტეტის დეკანს დიმიტრი კორძაიას მიჰყავდა.  

თსუ-ში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თენგიზ ცერცვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა. მისი თქმით, „თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ქმნის ეპოქას, ქვეყნის ისტორიას. შიდსის ცენტრის ჩამოყალიბება და C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამის დანერგვა საქართველოში მის სახელს უკავშირდება. ამასთან, ის არის ძალიან კარგი მკვლევარი, მასწავლებელი, პროფესორი, ექიმთა მთელი პლეადის აღმზრდელი. ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ.“

„თქვენ დაამარცხეთ ორი მძლავრი დაავადება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა არა მარტო თქვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. თქვენ ხართ მაგალითი იმისა, როგორ უნდა აიღო ინიციატივა, ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე. დიდი მადლობა ასეთი მაგალითისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ  ჩვენი პატარა ქვეყანა დიდ წარმატებებს მიაღწევს, თუკი საკუთარ ძალებს ვირწმუნებთ,“- განაცხადა საღამოზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. 

„თენგიზ ცერცვაძე არის მაგალითი იმისა, რომ მან გოლიათ პრობლემებთან ჭიდილში გაატარა 70 წელი. საქართველო მოწინავე ქვეყნებთან ერთად ჩაერთო შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში და უდიდეს წარმატებებს მიაღწია. ამ საქმეში უდიდესია თენგიზ ცერცვაძის როლი,“ - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.  

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც შიდსის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა რამე, დავაფუძნეთ შიდსის სამსახური საქართველოში. ეს ცენტრი  დღესაც ფუნქციონირებს და ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი გავრცელება.  ამავე დროს, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორცილებელი მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამისა - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა,  რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება. უკვე განკურნებულია 40 ათასი პაციენტი და კიდევ იგეგმება 120 ათაზე მეტი  პაციენტის განკურნება. ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც ერთი რომელიმე ქრონიკული ინფექციის აღმოფხვრა მოხერხდა. თუ ყველაფერი წარმატებით განხორციელდა 2030 წლისთვის საქართველო იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც დაძლეული იქნება ერთდროულად 21-ე საუკუნის ორი მთავარი დაავადება - შიდსიც და C ჰეპატიტიც“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საიუბილეო საღამოზე. 

საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე არის თსუ ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და მძლავრი სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალით. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შესძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, ანუ განხორციელდა აივ/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია.

თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში, პირველ რიგში ვირუსული ჰეპატიტების, მათ შორის C ჰეპატიტის დარგში უმნიშვნელოვანესია. მისი თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.  

პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ეწევა საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა დარგში.  
2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით  აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის (ჯანმო-ს ფორმულირებით) მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია, რომლის მსგავსიც არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას.

თენგიზ ცერცვაძე თსუ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მკვლევარია. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე გამოცემებში. ავტორია დამხმარე სახელმძღვანელოსი და ორი მონოგრაფიისა. არის 20-ზე მეტი ეროვნული სახელმძღვანელო რეკომენდაციების/გაიდლაინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და თანაავტორი. 

Print

« იხ. ყველა სიახლე