2018-11-07
თსუ-ს დელეგაცია ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტს ეწვია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
თამარ გაგოშიძე გერმანიაში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტს ეწვივნენ. დელეგაცია ქალაქ იენაში თსუ-ს პარტნიორი, იენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ
ვალტერ როზენტალის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს თსუ-ს დელეგაციას იენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა
უვე კანტნერმა სადოქტორო აკადემიაში უმასპინძლა, სადაც სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა ისტორიის, ბიოლოგიის, ბიომეცნიერებების, ქიმიის, კავკასიოლოგიისა და არქეოლოგიის მიმართულებებით გაღრმავდება. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და იენის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვალტერ როზენტალმა შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ გაცვლითი პროგრამების გაფართოებაზე, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მეცნიერთათვის.
გერმანიაში ვიზიტისას საუბარი ასევე შეეხო გერმანიის კვლევითი ცენტრების დაფინანსების პრინციპს და ქართველი მეცნიერების მონაწილეობის მნიშნველობას ევროპულ სამეცნიერო პროექტებში. შეხვედრას ესწრებოდა იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი
დაიანა ფორკერი, რომელთან ერთადაც მხარეებმა იმსჯელეს იენის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და ამ პროცესში თსუ-ს მხრიდან კონტრიბუციაზე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს
სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან,
ელგუჯა ხოკრიშვილთან და გენერალურ
კონსულთან
იოსებ ჩხიკვიშვილთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანულ
სამეცნიერო ურთიერთობებს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ასევე, იმსჯელეს თსუ-სა და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის არსებულ
თანამშრომლობაზე და ქართველოლოგიის მიმართულებით კათედრების მხარდაჭერაზე.
« იხ. ყველა სიახლე