2018-12-05
ქართული ენის ხელშეწყობის პროექტი - „ქართულად“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა" "თიბისის ბანკის" პროექტს - “ქართულად“ 50 000 წინადადება გადასცა. პროექტი „ქართულად“ მაიკროსოფტის კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრაციას ისახავს მიზნად. პროექტის საშუალებით, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ქართული საზოგადოებისათვის, ასევე საქართველოთი დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები მარტივად შეძლებენ საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
პროექტისთვის - „ქართულად“ - ქართულიდან ინგლისურად ნათარგმნი 100 000 წინადადება შეგროვდა. თარგმანების ეს რაოდენობა საბაზისო მასალაა იმისთვის, რომ მაიკროსოფტის ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყოს. ავტომატური თარგმნის პროგრამა პირველი ეტაპია, რომელიც სხვადასხვა აპლიკაციებში ქართული ენის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ გადაცემული 50 000 წინადადების გარდა, დანარჩენი 50 000 ვებგვერდზე kartulad.ge პროექტის მოხალისე მონაწილეებმა თარგმნეს.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის განცხადებით,
„პროექტის ძალიან საინტერესო ეტაპი დადგა. მთავარი იყო, რომ 100 000 წინადადება შეგროვებულიყო. ნახევარი არის ის კონტრიბუცია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააკეთა. რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართულად წერა, ქართულად აზროვნება იქნება,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
თსუ ლექსოკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ
თინათინ მარგალიტაძის თქმით, უნივერსიტეტის წვლილმა შესაძლებელი გახადა პროექტის პირველი ეტაპის რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულება.
„თიბისი ბანკმა მის მიერ შექმნილი პლატფორმით უკვე 50 000-მდე წინადადება შეაგროვა, ჩვენ კი მათ მივეცით უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში წლების მანძილზე შექმნილი ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსიდან 50 000 იდეალურად თარგმნილი წინადადება, რომელიც ბატონი არიანე ჭანტურიას და ასეთი კორიფეების მიერ არის თარგმნილი,“ - განაცხადა თინათინ მარგალიტაძემ.
თიბისი ბანკის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის
ტატო ნორაკიძის ინფორმაციით, მაიკროსოფტი ქართულ ენაზე მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტის შექმნას დაიწყებს.
„დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ 50 000 წინადადება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადმოგვცა და არის პროფესიონალურ დონეზე თარგმნილი, უნდა ჩავსვათ ამ პლატფორმაში და ეს ეტაპი ნელ-ნელა მივიდეს ბოლოსკენ,"- აღნიშნა ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტის
ლიანა მარქარიანის თქმით, აუცილებელია, რომ პროექტში „ქართულად“ სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა.
„ვფიქრობ, რომ უნდა დავინტერესდეთ, ჩვენც ვწეროთ ქართულად. გავხდეთ ერთ-ერთი ელჩი ქართული ენის და ამ 100 000 წინადადებას შევუერთდეთ, გავამრავლოთ და მილიონამდე ავიყვანოთ,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა.
"თიბისი" "მაიკროსოფტთან", "ჯეოლაბთან" და "საბასთან" ერთად კვლავ აგრძელებს ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებში ინტეგრაციაზე მუშაობას.
ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროექტში მონაწილეობა და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია "საბას" ელექტრონული წიგნების ბაზიდან. მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.
100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით. „ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდამჭერის ყველა მსურველისთვის.
« იხ. ყველა სიახლე