ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ყველა გარდაცვლილის ოჯახს.
სამწუხაროდ, გარდაცვლილთა შორისაა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის ორი სტუდენტი - მარიამ ქუთელია და ივლიტა ჯიბუტი. თსუ თანადგომას გამოხატავს მათი ოჯახების მიმართ.
ამასთან, სტიქიამ მთლიანად გაანადგურა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია. საბედნიეროდ, სტიქიის დროს თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მოახერხა ლაბორატორიის შენობის დროულად დატოვება და გარშემომყოფი მოსახლეობის დახმარება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატავს მზადყოფნას სტიქიასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის საჭირო სპეციალისტებით დახმარების თაობაზე.