2018-08-20
მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
უახლოეს მომავალში იულიხის კვლევითი ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ნეიროსამედიცინო კვლევებთან დაკავშირებული ლაბორატორია გაიხსნება. ამის შესახებ იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორმა
ჰანს შტროერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების (თსუ, აგრიუნი, ილიაუნი და სტუ) ერთობლივ, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის კარგად განვითარებული თანამშრომლობის პროგრამაა.
„ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გერმანიაში მიიღონ განათლება, შემდეგ დაბრუნდნენ და დაეხმარონ ქვეყანას განვითარებაში. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ საქართველოში - ვაარსებთ ჭკვიან ლაბორატორიებს და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ გვაქვს კვლევითი ცენტრები საქართველოს უნივერსიტეტებში, არა მხოლოდ თსუ-ში, თუმცა თსუ არის მთავარი უნივერსიტეტი,“ - აღნიშნა ცენტრის დირექტორმა.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე
ალექსანდრე ცისკარიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე თევზაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი
მანანა მიქაბერიძე, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება და მისი თემატიკაა "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინურ SMART |ლაბებში".
თსუ რექტორის მოადგილის
ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება.
„ეს კონფერენცია პრაქტიკულად ყველა აქტუალურ საკითხს ეხება, დაწყებული ბირთვული ფიზიკიდან დამთავრებული ნეირომეცნიერებით. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლა იგეგმება, ასევე ნეირომეცნიერული ლაბორატორიის გახსნა. შესაბამისად, ეს კონფერენცია ახალი მიმართულებების დანერგვის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალებაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი გერმანელი პარტნიორებისთვის,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ
ალექსანდრე თევზაძემ აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობას 20-წლიანი ისტორია აქვს.
„ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში SMART ლაბებია დაფუძნებული. ასევე საუბარია, იულაბში ახალგაზრდების ჩართულობაზე. თავდაპირველად პროექტი მხოლოდ მაღალი ენერგიების ფიზიკიდან დაიწყო, დღეს კი ამ კოლაბორაციაში სხვასხვა მიმართულებებია ჩართული, რაც სამეცნიერო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია,“ - აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.
თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის იულიხის კვლევითი ცენტრის თანამედროვე მოდელირების ინსტიტუტის დირექტორს, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს
ულფ მაისნერს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ცერემონიალის შემდეგ, პროფესორმა ულფ მაისნერმა საჯარო ლექცია - "ცხოვრება დედამიწაზე - შემთხვევითობა?" „Life on Earth - an Accident ?“ წაიკითხა.
„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში 20-24 აგვისტოს გაიმართება თემატური კონფერენცია - „მულტისდისციპლინური SMART |ლაბები საქართველოში“. გარდა ამისა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საიჟინრო მეცნიერებებში, მოეწყობა პოსტერების სესია, სტუდენტური სესია, რომელზეც შეირჩევა სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები …) საუკეთესო სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში ინტერნშიფის გასავლელად. მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე იულიხის კვლევით ცენტრში 50-ზე მეტი ქართველი სტუდენტი იმყოფებოდა სხვადასხვა პროგრამით.
იულიხის კვლევით ცენტრსა და თსუ-ს თანამშრომლობა 1992 წლიდან დაიწყო. 2004 წლიდან ურთიერთობა გაგრძელდა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) კონცეფციის ფარგლებში, რომლის სამი ძირითადი მიმართულებაა - ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები, განათლება და სტუდენტები, ცოდნის ტრანსფერი. 2010 წლიდან თანამშრომლობას საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც შემოუერთდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოგვიანებით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
2016 წლის კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას. ახალი პროგრამის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტებში გაიხსნება ე.წ. SMART|ლაბორატორიები. პირველი ასეთი ლაბორატორია (SMART | EDM_Lab) თსუ-ში გაიხსნა 2017 წლის იანვარში. ლაბორატორია არის იულიხში არსებული ლაბორატორიის ანალოგი, რომელიც JEDI (Juelich Electric Dipole moment Investigations) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ელემენტარული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ექსპერიმენტულ კვლევებშია ჩართული. 2017 წლის სექტემბერში თსუ-ში გაიხსნა მეორე ლაბორატორია, SMART|AtmoSim_Lab. ლაბორატორიაში ხორციელდება ატმოსფერული კვლევები: ატმოსფერული დამაბინძურებლების ქიმიური ანალიზი, მონაცემთა მათემატიკური ანალიზი და ჰაერის დაბინძურების მოდელირება. სმარტლაბები ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები განახორციელონ საქართველოში.
« იხ. ყველა სიახლე