თსუ-ს და ბოლონიის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა პირველ წარმატებულ შედეგებს იძლევა. საერთაშორისო კომისიამ თსუ დოქტორანტები დისერტაციის დაცვაზე დაუშვა და მალე 4 დოქტორანტი: თეა თათეშვილი, მაია ბენიძე, ხატია ცირგაია და თამარ საქუაშვილი ორმაგ აკადემიურ ხარისხს მიიღებს. ოთხივე დოქტორანტმა სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ერთი სემესტრი გაატარა ბოლონიის უნივერსიტეტში და 2013 წლის სექტემბერში წარმატებით გაიარა წინასწარი დაცვის ეტაპი.
ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა „ევროპული ლიტერატურა“ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლიდან მოქმედებს და ბოლონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამის შედეგად კურსდამთავრებულებს თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტების ე.წ. ორმაგი აკადემიური ხარისხი (double degree) ენიჭებათ.
სადოქტორო პროგრამის განხორციელება რეგულირდება სპეციალური ხელშეკრულებით (ე.წ. კოტუტელე). სადოქტორო პროგრამის სწავლების ენებია ქართული და ფრანგული. სადოქტორო პროგრამის სტუდენტები ვალდებულნი არიან, რომ პროგრამის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრული ესა თუ ის კვლევითი თემა იკვლიონ სამი ქვეყნის ერთი და იმავე პერიოდისა და ჟანრის ლიტერატურის ფარგლებში, ხოლო კვლევის შედეგები წარუდგინონ პროგრამის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურ სამეცნიერო სემინარზე ქალაქ სენეფში (ბელგია). დოქტორის ხარისხის მინიჭების აუცილებელი წინაპირობებია აგრეთვე ბოლონიის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლა და წინასწარი დაცვა, რომელიც ხდება ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
პროგრამის წარმატებით განხორციელება შესაძლებელი გახდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბოლონიის უნივერსიტეტისა და რუსთაველის ფონდის მატერიალური მხარდაჭრით.