ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეორედ შემოქმედებითი წერის მასტერკლასს მასპინძლობს. შემოქმედებითი პრაქტიკული კურსი
„წერის არქიტექტურა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია "სილქნეტის" ერთობლივი პროექტის - "შემოდგომის ლეგენდა" ფარგლებში ხორციელდება.
მწერლებითა და ლიტერატურათმცოდნეებით დაკომპლექტებული გუნდი კურსის მონაწილეებს ორი კვირის განმავლობაში წერის სტრუქტურის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებს. კურსის მონაწილეები თანამედროვე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანებს გაიცნობენ და მათგან ისწავლიან როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, როგორ შექმნან სიუჟეტი, მოყვნენ ამბავი საინტერესოდ და წერონ გამართული დიალოგები, როგორ გამოიმუშავონ წერის საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები ტრენინგებზე მოცემული სავარჯიშოების გამოყენებით.
პრაქტიკულ კურსს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები - ბექა ადამაშვილი, დავით გაბუნია, გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია, ანნა კორძაია - სამადაშვილი, დათო ტურაშვილი და ზაალ ჩხეიძე გაუძღვებიან.
კურსის ბოლოს მინი კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეები ახალ ნაშრომებს შექმნიან, მათ შორის საუკეთესო ნამუშევრის ავტორი კი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
პრაქტიკულ კურსში მონაწილეობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა
19-24 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია:
https://forms.gle/sAqU1kGBSxtkgQp17 საბოლოოდ ტრენინგებისთვის 20 მონაწილე შეირჩევა.
ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" ისტორიაში შემოქმედებითი პრაქტიკული კურსი "წერის არქიტექტურა" უკვე მეორედ ტარდება. პრაქტიკული კურსი სპეციალურად "შემოდგომის ლეგენდის" ათწლიანი გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დაიგეგმა.