ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-07-25

კურსდამთავრებულთა გამოშვება-2017

კურსდამთავრებულთა გამოშვება-2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა 95-ე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

თსუ პირველი კორპუსის ეზოში კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი  შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბაკალავრიატის დამთავრება კურსდამთავრებულებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა: „განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენი კურსდამთავრებულების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს - ყველანი ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. დღეს, 3000-მდე ახალი სპეციალისტი შეემატა ჩვენს ქვეყანას. ბევრი თქვენგანი დასაქმდება, ბევრს სურს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ახალი სუნთქვით, ახალი მზერით უნდა შეხედოთ ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უნიკალური კურსდამთავრებულები - უნივერსიტეტის 95-ე გამოშვება. მჯერა, რომ „კლასი 2017“ იქნება წარმატებული!“

„პროფესიასთან ერთად თსუ-ში შევიძინე საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ. გავიღრმავე ჩემი ცოდნა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით - უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ გამეგრძელებინა სწავლა, იქაც მიმეღო განათლება. ვაპირებ მაგისტრატურაზეც თსუ-ში ჩაბარებას“
-აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა გიორგი ბაიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცეს თსუ პროფესორებმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა. ღონისძიების დასასრულს კი მუსიკალურმა ჯგუფმა TSU Art-მა  კურსდამთავრებულებისთვის კონცერტი გამართა.
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტმა 1922 წელს აღნიშნა. თსუ ბაკალავრიატი 2017 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წელს 3600-მდე პირველკურსელს მიიღებს, 430 აბიტურიენტი კი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება.



Print

« იხ. ყველა სიახლე