2014-08-04

თსუ რექტორი უნივერსიტეტელების დახმარების ინიციატივით გამოდის

თსუ რექტორი უნივერსიტეტელების დახმარების ინიციატივით გამოდის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გამოდის ინიციატივით, რომ უნივერსიტეტებს ღვაწლმოსილი უნივერსიტეტელებისთვის დახმარების საშუალება მიეცეთ.

რექტორმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შესთავაზა შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მისცემს უფლებას ეკონომიკური შემოსავლებიდან მიღებული თანხების ნაწილი უნივერსიტეტიდან წასული თანამშრომლებისთვის დახმარებისთვის გამოიყენოს.

„არიან ადამიანები, რომლებმაც არაერთი წელი იმუშავეს უნივერსიტეტში. დღეს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ისინი არიან უნივერსიტეტს მიღმა. საუბარი არ არის მხოლოდ პროფესორებზე, არამედ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებზე, დოცენტებზე, ლაბორანტებზე და ა.შ. მათ შორის არიან ადამიანები, რომელთა კვლავ დასაქმება, თუნდაც ასაკის გამო, შეუძლებელია. არადა, მათ შორის ზოგი საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ჩემი რექტორობის პერიოდში იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, ადამიანებმა მთხოვეს დახმარება და იმის გამო, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა, ვერ დავეხმარეთ. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ კანონმდებლებს, რომ მისცენ უნივერსიტეტებს უფლება გამოიყენონ ეკონომიკური შემოსავლების ნაწილი სწორედ ამ ადამიანების მატერიალური მხარდაჭერისთვის. საუბარია უფლებაზე, და არა ვალდებულებაზე. საუბარია იმაზე, რომ უნივერსიტეტებს მიეცეთ მეტი დამოუკიდებლობა ამ საკითხში. შემდგომ თავად უნივერსიტეტებმა, სენატმა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა შესაბამისი თანხები და რა თანხას და როგორი წესით გასცემს იგი.“ - განმარტავს ვლადიმერ პაპავა.

რექტორის თქმით, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაშიც, მისი აღსრულება საკმაოდ რთული იქნება - განსასაზღვრია თანხების მოცულობა და მექანიზმი, რომლითაც ეს თანხები შეიძლება გაიცეს. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები და გაცემის წესები უნდა იყოს ძალიან მკაფიო და არ უნდა ტოვებდეს დამატებით კითხვებს. დახმარებები შეიძლება იყოს ყოველთვიური, გარკვეული ვადით და შემდგომი განახლების უფლებით  ან ერთჯერადი. უნივერსიტეტში შესაქმნელი იქნება კომისია, რომელიც მოამზადებს შესაბამის წინადადებებს და შემდგომ სწორედ სენატმა უნდა გადაწყვიტოს, როგორც ამ მიმართულებით დასახარჯი თანხების სრული ბიუჯეტის მოცულობა, ასევე - გაცემის წესი. 

„დახმარებები უნდა გაიცეს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან, რომელიც მეტ-ნაკლებად აქვს ყველა უნივერსიტეტს, მათ შორის - ცხადია, ჩვენც. მაგრამ  ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის სრულად გამოყენება ამ მიმართულებით შეუძლებელი იქნება. ეს შემოსავლები არის ცვალებადი სიდიდე; თუ შენ ადამიანს უწესებ რაღაც დახმარებას, ის უნდა გააგრძელო მომავალ წელსაც. ამიტომ ეს დახმარება ვერ იქნება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 40-50 პროცენტზე მეტი.  ჩვენ, მაგალითად, 2013 წლის მაჩვენებლით, ასეთი ეკონომიკური შემოსავალი გვქონდა 1 მილიონ 100 ათასი ლარი. თუ სენატი გადაწყვეტს, რომ ამ მიმართულებით დაახლოებით 400-500 ათასი ლარის მიმართვა არის შესაძლებელი, ეს იქნება რეალური. თუმცა, მე ვერ ვიტყვი ზუსტად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი“. - ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ვლადიმერ პაპავას მიაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამართლიანი იქნება როგორც უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომლებთან მიმართებაში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოქმედი თანამშრომლებისთვისაც. მათ ეცოდინებათ, რომ თუ მოუხდებათ უნივერსიტეტის დატოვება, საჭიროების შემთხვევაში ისინი არ დარჩებიან ყურადღების გარეშე.  ეს გაზრდის მათში მომავლისადმი სტაბილურობის განცდას.

„მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ყველა აღფრთოვანებული იქნება ამ გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, რთული აღსასრულებელია. ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ ყველა ვინც მოისურვებს აუცილებლად მიიღებს დახმარებას. თუმცა ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმ უნივერსიტეტელებისთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროება“.

ამასთან, რექტორის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი განსაზღვრავდეს ამ უფლებას, და არა ვალდებულებას, რათა ყველა უნივერსიტეტს თავისი შესაძლებლობისა და პრიორიტეტების შესაბამისად შეეძლოს მოქმედება.

ამ თემაზე უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა პარლამეტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის ყველა წევრმა, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიწონა. თუმცა უნივერსიტეტს საკანონმდებლო ინიციატივის შეტანის უფლებამოსილება არ გააჩნია, შესაბამისად, ამჯერად სიტყვა საპარლამენტო კომიტეტზეა, რომელსაც შეუძლია ამ საკანონმდებლო ინიციატივის მოამზადება და საკანონმდებლო ორგანოს განსახილველ მაგიდაზე დადება.

Print

« იხ. ყველა სიახლე