საერთაშორისო კონფერენცია - „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის მუშაობაში ქართველ იურისტებთან ერთად მონაწილეობდნენ იურისტები გერმანიიდან, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა იურგენ ბაზედოვი, როლფ კნიპერი, აჰიმ შრამი, ბესარიონ ზოიძე, თევდორე ნინიძე და სხვები.
„ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მიეძღვნა კერძო სამართლის თემატიკას. ჩვენს უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტთან; კონფერენცია GIZ-ის მხარდაჭერით გაიმართა. ძალიან საჭირო თემატიკაა საქართველოსთვის, როცა მიმდინარეობს ჩვენი სამართლებრივი ველის სინქრონიზაცია ევროგაერთიანების ნორმებთან და კანონებთან. ეს არის ძალიან კარგი ფორმატი ჩვენი თეორიული ცოდნის გასაძლიერებლად,“- განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის
თამარ ზარანდიას თქმით,
"კონფერენცია სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, და ეძღვნება ნების ავტონომიას, როგორც კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს. ნების ავტონომია მართლაც საფუძველთა საფუძველია კერძო სამართლის. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ნების ავტონომიაზე ფაქტობრივად დგას კერძო სამართლებრივი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო მოხსენებებია წარმოდგენილი. იქნება საინტერესო დისკუსიები."
„კონფერენცია ეხება კერძო ავტონომიას, რომელიც კერძო სამართლის ძირითადი პრინციპია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რომლებიც ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანებას აპირებენ. საქართველოს აქვს დადებული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ეს მოითხოვს შიგნით უკეთესი ფუნდამენტური პრინციპების ჩამოყალიბებას, რომელიც კაპიტალისტურ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის ცხოვრებას მართავს. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია კერძო ავტონომია,“- აღნიშნა მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორმა
იურგენ ბაზედოვმა.
ღონისძიება თსუ იურიულმა ფაკულტეტმა გერმანიის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართა. პირველი კონფერენცია 2012 წელს ჩატარდა და მისი შედეგები გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე გერმანიაში. მეორე კონფერენცია შედგა თბილისში 2015 წელს, ის ეხებოდა საკუთრების უფლებას, საკუთრებას და სამართლებრივ სტაბილურობას და ამ კონფერენციის შედეგები ოთხენოვან კრებულად გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.