2019-02-22

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ორიგინალური სტენდით წარსდგა. ღონისძიების გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორებ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გამოფენის სტუმრები თსუ სტენდთან უნივერსიტეტის ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სტუდენტთა სპორტული და კულტურული საქმიანობის  შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეცნობიან.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს 200-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. „თსუ-ს ბევრ უნივერსიტეტთან აქვს ერთობლივი პროექტები. რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, ევროპის უნივერსიტეტებში მობილობას, და რასაკვირველია, დასაქმებას,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

„მსგავსი გამოფენები აბიტურიენტებს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოყალიბებული არ არიან კონკრეტულად რა მიმართულებით სურთ პროფესიული კარიერის გაგრძელება, ასეთი გამოფენები საშუალებას აძლევს მათ გაეცნონ სხვადასხვა უნივერსიტეტებს, პროფესიებს და ამის შემდეგ გადაწყვიტონ, რა არჩევანი უნდა გააკეთონ წლის ბოლოს. პირადად მე, მსგავსი ღონისძიებების ხშირი სტუმარი ვარ,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

გამოფენის მსვლელობისას თსუ პროფესორებმა თეიმურაზ გოგსაძემ და თამარ გაგოშიძემ საჯარო ლექციები წაიკითხეს.

თსუ არის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში /U.S.News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირება/, 2017 წელი - 359-ე ადგილი; თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში – Times Higher Education World University Rankings 2019 - მოხვდა; შანხაის დარგობრივ რანჟირებებში თსუ-ს ფიზიკის მიმართულება N151-200 პოზიციაზეა და პირველია რეგიონში; პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული იმ სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობით, რომლებიც  ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას; თსუ-ს ჰყავს 200-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში; უნივერსიტეტში მოქმედებს 21 უცხოენოვანი პროგრამა – საბაკალავრო, სამაგისტრო,  სადოქტორო და ერთსაფეხურიანი; 22000 სტუდენტი (მათ შორის 600-ზე მეტი უცხოეთის მოქალაქე) სწავლობს  240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე; 8 მილიონი წიგნი და 22 მილიონზე მეტი გამოგონება/პატენტი ინახება თსუ ბიბლიოთეკებში; სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებსა და რესურსებზე; თსუ-ში ფუნქციონირებს თანამედროვე სასწავლო სივრცეები – 16 კვლევითი ინსტიტუტი, 85-მდე სასწავლო ლაბორატორია. მათ შორის: ფაბლაბი, SMART-Lab, SMART|ATMOSIM-Lab, BLOOMBERG ლაბორატორია, სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ მოდერნიზებული ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, მულტიმედია ცენტრი, არქეოლოგიური საველე ბაზა გრაკლიან გორაზე, სახვითი ხელოვნების სტუდია და სხვა; თსუ სტუდენტებს აქტიური სტუდენტური, კულტურული და სპორტული ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ; 2017-2018 წლებში 1,4 მილიონ ლარით დაფინანსდა სტუდენტური პროექტები; თსუ-ს აქვს თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი; უნივერსიტეტს ჰყავს 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

ტრადიციულად, თსუ ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია საქართველოში პირველი არჩევანის მიხედვით.
   


Print

« იხ. ყველა სიახლე