2018-12-18

თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის უნივერსიტეტს შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ორი უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და კვლევითი ჯგუფების გაცვლას გულისხმობს. თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტეიკიოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა იოშიჰიტო ოკინაგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ტეიკიოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. „იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტს ბევრი მიმართულება აქვს განვითარებული. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ რამდენიმე მიმართულებაზე, სადაც ჩვენი ინტერესი გამოიკვეთა - ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და ტექნოლოგიები, სამედიცინო და სხვა ის მიმართულება, რომელიც ორივე მხარეს ინტერესს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეცნიერებისა და კულტურის მიმართი ასეთი ინტერესია,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

ტეიკიოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის იოშიჰიტო ოკინაგას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა განსაკუთრებით კვლევითი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. „ურთიერთთანამშრომლობა ახალგაზრდა სტუდენტების ურთიერთობის თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხთან ურთიერთობით სტუდენტებს საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობაც ექნებათ და ქვეყნის განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს,“ - აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

ტეიკიოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია იაპონიაში, რომელიც 1966 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე 27 000 სტუდენტი ჰყავს.

Print

« იხ. ყველა სიახლე