2017-01-17

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის, საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ  ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს,  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს,  ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, დოქტორ პიტერ ლიდიარდს და  ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ვოლფგანგ ვენგს.  საზეიმო ღონისძიება დღეს თსუ-ში გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „აკადემიურმა საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ისეთი რანგის მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც გვერდში ამოუდგებიან ჩვენს უნივერსიტეტს დასახული სტრატეგიული განვითარების მიზნების მისაღწევად.“
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ფართო საერთაშორისო კავშირებით. საუნივერსიტეტო სწავლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება ჩვენი ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა. საპატიო დოქტორები არიან მეგობრები და მხარდამჭერები უნივერსიტეტის, ეს მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რეპუტაციის განმტკიცებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მადლობა გადაუხადა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს ქართული კულტურის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის. მისი თქმით, „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ძალიან დიდი  საერთაშორისო კულტურული ფორუმია. ეს არის უნიკალური პლატფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფომ საკუთარი თავი წარმოადგინოს, ავტორებმა ახალი მკითხველი იპოვონ, ახალი შესაძლებლობები და ახალი ბაზრები გახსნან.“
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოსმა მადლობა გადაიხადა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის. „ჩემთვის დიდი პატივია საპატიო დოქტორის წოდება. ჩვენ ვიმუშავებთ ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება. ამით საქართველოს ეძლევა საუკეთესო შანსი წარმოაჩინოს საკუთარი კულტურა,-“ აღნიშნა იურგენ ბოსმა.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შემდეგ პროფესორებმა წაიკითხეს საჯარო ლექციები. ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორმა, დოქტორმა,  „ერაზმუს მუნდუსის“ პროექტის „ჰერმესისი“ კოორდინატორმა, ათენის ჰუმანიტართა ქსელის დამფუძნებელმა ამალია მოსერმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე  “დრო ენაში”; ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ამავე უნივერსიტეტის   „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების  სამედიცინო კურისის“ ლექტორისა და ასპირანტების კურატორის, დოქტორ პიტერ ლიდიარდის საჯარო ლექცია მიეძღვნა თემას: “A,B ჩემს ანბანში ანუ დაუსრულებელი ამბავი”; „ეკონომიკური განათლების მომავალზე ორიენტირებული ასპექტები“ წაიკითხა  ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ორგანიზაციული განვითარებისა და უნარების სწავლების  ახალი მეთოდის მფლობელმა ვოლფგანგ  ვენგმა.


Print

« იხ. ყველა სიახლე