2019-02-27

,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა”

  ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა”
საქართველოში სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტის ერთიანი სისტემა შეიქმნება, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებთან ერთად ჩაერთვება. ქართველი მეცნიერ-მკვლევრების მიერ შესრულებული კვლევები ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის ჰორიზონტი 2020-ისა და სხვა საერთაშორისო ფონდებისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტ HERD-ის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” პირველი სამუშაო შეხვედრა თსუ-ში გაიმართა.

პროექტი 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან შედგება, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი.

პირველ სამუშაო შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ერაზმუს+ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მეცნიერების დაგეგმარებასა და განვითარებას. „პროექტში 12 ქართულ უნივერსიტეტთან ერთად საფრანგეთის და გერმანიის უნივერსიტეტები არიან ჩართული. ჩვენი საბოლოო მიზანია მეტად დავუახლოვდეთ ევროპის უმაღლესი განათლების და კვლევის სივრცეს. იმედი გვაქვს, პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგებს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოიყენებს როგორც სახელმძღვანელოს, რათა ყველა ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ჩამოყალიბდეს მსგავსი სტრუქტურული ერთეულები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი ქართველ მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად გაუხსნის გზას. „პროექტი განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის, მეცნიერების ახალი მოდელის დანერგვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში  გაერთიანებული პორტალი შეიქმნება, სადაც ამ უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია სრულად განთავსდება,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თსუ პროფესორის, პროექტის კოორდინატორის მარინა ჩიტაშვილის თქმით, პროექტი მეცნიერებს ევროპულ სტრუქტურებში პარტნიორების მოძიებასა და ერთიანი გრანტების მოპოვებაში დაეხმარება. „ჩვენ გვინდა ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარ კვლევასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით სრული ინფორმაცია მიიღონ, მოიძიონ პროფესიონალები და მიიღონ მათგან კონსულტაცია. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოში ადმინისტრაციულ დონეზე კვლევასთან დაკავშირებული მთლიანი სისტემა მოწესრიგდება და მისი მართვა, აღრიცხვა და წარდგენა გამარტივდება,“ - განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

ევროპის პროექტების ცენტრის ხელმძღვანელის კრისტიან გერჰარდტსის ინფორმაციით, პროექტი მეცნიერების განვითარების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. „ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში. იმედი გვაქვს, შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კვლევის, სასწავლო პროგრამების განვითარებაში. ვფიქრობთ, ეს პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სარგებელს და გამოცდილებას მოუტანს უნივერსიტეტებში და მის ფარგლებს გარეთ,“ - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.

აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 2 წელს. მისი ძირითადი მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტით ხორციელდება შემდეგი აქტივობები: საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა; საქართველოს კვლევითი ინტერნეტ პორტალის შექმნა; კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის; წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

სესიები 27-28 თებერვალს გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პროექტის დაწყების პირველ ფაზას, დაგეგმავენ პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს და შეთანხმდებიან მისაღწევი შედეგების გამოწვევებისა და რისკ-ფაქტორების შესახებ. დეტალურად განიხილავენ პროექტის ადმინისტრირებისა და განხორციელების გზებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე