2019-06-18

„მისია 2019“-ის ფინალური ტური იწყება

„მისია 2019“-ის ფინალური ტური იწყება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ტური დაიწყო.  კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილე 51 გუნდიდან შიდა შესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო შეარჩია. 2019 წლის ფინალისტები, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ფინალურ ტურში პარტნიორი კომპანიის დავალებაზე იმუშავებენ, არიან: „ინვენტა/INVENTA“ (თეიმურაზ გოჩიტაშვილი, ნენსი რობაქიძე, მაგდა ლომიძე); „კანუდოსი“ (მარიამ მოდებაძე, თამრიკო ნაჭყებია, გიორგი გაბიტაშვილი),  „ფილოჟუ“ (მარიამ, ტურძილაძე, თამთა ფირანაშვილი, სალომე თალაკვაძე, ანნა კაცაძე, მარიამ რაქვიაშვილი); „100%“ (ანა მეგრელიშვილი, ელენა გულიაშვილი, მაია გაბელია); „Creative Thinkers“ (ქეთევან მდევაძე, ქრისტინე ბუთხუზი, ანი კაცაძე).

„მისია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ამჯერად,  კონკურსის პარტნიორია კომპანია „ბაზისბანკი”, მხარდამჭერი  - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების  კომპანია „ჯეპრა“.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „პროექტი „მისია 2019“ მნიშვნელოვანია, რადგან გუნდებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ რეალურ სექტორში, უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებლებთან და იმ ბიზნესთან, რომელიც მომავალში შეიძლება წაადგეს სტუდენტებს. მეორე მხრივ, ეს ძალიან საინტერესოა ბიზნესისთვისაც, რადგან, როგორც წესი, გამოიკვეთება რამდენიმე მათთვის ძალიან საინტერესო პროექტი.“

„ბიზნესისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ბიზნესის, ისე უნივერსიტეტის განვითარებაში,“- მიიჩნევს „ჯეპრას“ მმართველი პარტნიორი, უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს: I ადგილი - 2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი. 

„ვთვლით, რომ ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების საფუძველს განათლებული თაობის აღზრდა წარმოადგენს, ამიტომაც აირჩია ბაზისბანკმა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით  პრიორიტეტად – განათლების მხარდაჭერა. 2006 წლიდან ბანკში არსებობს „განათლების მხარდამჭერი ფონდი“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასობით პროექტი. სტაბილური და წარმატებული საზოგადოების შექმნის მთავარი ორიენტირი, უალტერნატივოდ, საქართველოში თანამედროვე განათლების ხელშეწყობაა. ამიტომაც, მომავალშიც დიდი სიამოვნებითა და სიამაყით გავაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობების კარგ პროფესიონალებად მომზადებას უწყობს ხელს,“- განაცხადა „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ხადურმა. 

კონკურს კიდევ ერთი პრიზი - ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია დაემატა, რომელიც კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე 7 წელია ახორციელებს სტუდენტურ პროექტს „მისია“, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას გახდნენ პარტნიორი კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერი, შეიძინონ პროექტის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ახალი ცოდნა ექსპერტებისგან. გარდა ამისა, გამარჯვებულ გუნდს საშუალება ეძლევა საკუთარი პროექტი განახორციელონ პარტნიორ კომპანიასთან ერთად. 

Print

« იხ. ყველა სიახლე