Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერების და სტუდენტების სამეცნიერო წარმატებების კვალდაკვალ
28/04/2015

თსუ მეცნიერების მიერ საქართველოს სამეცნიერო კვლევით კონკურსებში წარმატება უნივერსიტეტში უკვე თითქმის სიახლე აღარაა. ყოველწლიურად თსუ ყველა ქართულ კვლევით ცენტრზე მეტ სამეცნიერო პროექტს იგებს და ახორციელებს. ამჯერად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ წარდგენილმა პროექტებმა მორიგ კონკურსში მოიპოვეს წარმატება.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის 2014 წლის სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობდა 38 საპროექტო განაცხადი. განაცხადები ორ ეტაპად შეფასდა. გამარჯვებული 12 პროექტიდან 7 პროექტი თსუ მეცნიერების მიერ არის წარდგენილი.

კონკურსის მიზანია, საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა. საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევრებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები; უცხოეთში სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს კი საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა-გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.

თსუ მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსშიც. კონკურსზე დარეგისტრირებული 213 პროექტის 81 პროექტი თსუ მეცნიერების მიერ იყო წარდგენილი. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 35 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს. მათ შორის, 10 პროექტი თსუ მეცნიერების მიერ იყო წარდგენილი. 

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნას. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი, გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა სამრეწველო ნიმუშის, პროტოტიპის სახით და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება-სრულყოფა. კონკურსი ორიენტირებულია კომერციულად ღირებული პროექტების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებით კომერციული სექტორის დაინტერესებას, სამეცნიერო და ბიზნეს-წრეების დაახლოებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

თუმცა ეს 2014 წლის კონკურსებში წარმატების იშვიათი მაგალითები არაა. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის HERMES-ის საგრანტო კონკურსში, რომლის კონსორციუმში 14 უნივერსიტეტია გაერთიანებული, თსუ-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ლიდერობენ.

2014 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ერასმუს მუნდუსის HERMES-ის სტიპენდიების მოსაპოვებლად 436 საკონკურსო განაცხადი (საქართველოდან ჯამში 231 განაცხადი, მათ შორის თსუ-დან 148) დარეგისტრირდა. პროექტის შესარჩევმა კომისიამ კონკურსის შედეგად 116 გამარჯვებული გამოავლინა. მათ შორის 42 საქართველოს მოქალაქეა, მათგან 33 კი თსუ-ს სტუდენტი და აკადემიური პერსონალია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 29 სტუდენტს და აკადემიური პერსონალის 4 წარმომადგენელს ევროკომისიის დაფინანსებით 2015-2016 სასწავლო წელს HERMES-ის პროექტი დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას და დაუფინანსებს ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს.

გასულ თვეში თსუ-ში გაიმართა 2014 წლის დეკემბერში გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთანაც. კონკურსის შედეგად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 376 საკონკურსო განაცხადი (თსუ-დან 150 განაცხადი) დარეგისტრირდა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კონკურსის შედეგად 87 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს. აქედან ნახევარზე მეტი - 45 პროექტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტების მიერ არის წარდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებული პროექტების ქულების მიხედვით რანჟირებულ სიაში რეიტინგულ პირველ ათეულში 7 პროექტი თსუ დოქტორანტების პროექტებია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 45 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუნიშნავს სტიპენდიას, დაუფინანსებს სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი პირველად 2013 წელს გამოცხადდა. ამ წელსაც თსუ იყო ლიდერი _ გამარჯვებულ 135 პროექტს შორის 60 პროექტი თსუ დოქტორანტის მიერ იყო წარდგენილი.