Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
აკადემიური აქტივობით უნივერსიტეტების რანჟირების რეიტინგის მიხედვით თსუ კავკასიის რეგიონის ლიდერია
14/05/2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური აქტივობით უნივერსიტეტების რანჟირების (University Ranking by Academic Performance (URAP)) რეიტინგებში მსოფლიო 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა და 985-ე ადგილი დაიკავა. შესაბამისი სერტიფიკატი უნივერსიტეტმა საორგანიზაციო კომიტეტისგან მიიღო. რეიტინგების მიხედვით, ცალკეულ კვლევით მიმართულებებში თსუ კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებს. ფიზიკური მეცნიერებების მიმართულებით თსუ 175-ე ადგილზეა, ხოლო მათემატიკურ მეცნიერებებში კი 387-ე ადგილზე.

URAP-ის რეიტინგებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოდან ერთადერთი და კავკასიაში ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოს  23887 უნივერსიტეტს შორის თსუ საუკეთესო 5%-ში, ხოლო ევროპის 4000 უნივერსიტეტიდან საუკეთესო - 10%-შია. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნივერსიტეტებს შორის თსუ იკავებს მეშვიდე პოზიციას ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტარტუს, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო, ვილნიუსის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო და მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის უნივერსიტეტების შემდეგ.

URAP-ის რეიტინგებით თსუ-ს აკადემიური აქტივობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო 5 წლის მანძილზე. 2011-2012 წლებში თსუ 1600-ე, 2012-2013 წლებში - 1394-ე, ხოლო 2013-2014 წლებში - 1066-ე ადგილს იკავებდა.

URAP როგორც კვლევითი ლაბორატორია 2009 წელს შეიქმნა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ინსტიტუტში. მისი მთავარი ამოცანა მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემის შექმნაა, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტების აკადემიურ აქტივობას სამეცნიერო პუბლიკაციების ხარისხით და რაოდენობით. 2010 წლიდან URAP-ი ყოველწლიურად აქვეყნებს 2000 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის მსოფლიო რეიტინგს. URAP-ის 2014-2015 წლების მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება აკადემიური აქტივობის 6 ინდიკატორს, მათ შორის პუბლიკაციების ხარისხსა და რაოდენობას, ციტირების ინდექსს, ასევე საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციას.