ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში : ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი“ გაიმართა. კონფერენციას დაესწრნენ და მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ , განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ , ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრმა საქართველოში. კონფერენციას ასევე დაესწრნენ Erasmus+ აღმასრულებელი სააგენტოსა და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დირექტორები.
"ევროპის უნივერსტიტეტთა ასოციაცია ატარებს წლიურ კონფერენციას, რომელშიც განიხილება უმაღლესი განათლების რეფორმა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნელოვანია. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები არიან დელეგატები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს არაერთ ევროპულ პროგრამაში, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია და ზოგადად საქართველოს უნივერსიტეტების განვითარების მაგისტრალური გზაა’’ - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
“საქართველომ ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესა პოზიციები და მონაცემები გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით. შედეგების მხრივ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, ხოლო გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხრივ ვართ მეშვიდე ადგილზე 74 ქვეყნიდან. ასეთი შედეგი წინა წლებში არ ფიქსირდებოდა, რაც ხაზგასასმელია და ჩვენი უნივერსიტეტებისთვის მისალოცი სიახლეა. დღევანდელ კონფერნციაზე წინა პლანზე იქნება წამოწეული განათლების ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციებისა და ახალი მეთოდების დანერგვა უმაღლეს განათლებაში, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს რაც გვინდა’’ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ Erasmus+ აღმასრულებელი სააგენტო და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია , თანაორგანიზატორები Erasmus+ საქართველოს ოფისი და თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი . კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 28 ქვეყნის 120- ზე მეტმა წარმომადგენელმა ( უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები , Erasmus+ ეროვნული ოფისების , უნივერსიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ).
ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრის ხაივ ხადესის თქმით - “დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება უნივერსიტეტის მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას. საქართველო ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი ევროპულ პროგრამებში, რაც დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის. დიდი ნაბიჯი გადაიდგა ევროპულ უნივერსიტეტებთან დაახლოებისა და სტუდენტების, ისევე როგორც, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის კუთხით. იმედი გვაქვს, ევროპული პროგრამა დიდ როლს ითამაშებს უმაღლესი განათლების განვითარებაში. დღევანდელი კონფერენცია ევროკავშირის ქვეყნებიდან აერთიანებს ექსპერტებს, რომლებიც განიხილავენ განათლებისა და ტრენინგების გაუმჯობესების გზებსა და სწავლების ახალ მეთოდებს’’.
“დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ორგანიზატორები თსუ-ს გარდა არიან ერასმუს+ პროგრამა და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია. ამ კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველო და თბილისი შემთხვევით არ შერჩეულა, არამედ იმის გათვალისწინებით თუ რამდენად წარმატებულნი არიან ქართული უნივერსიტეტები ამ პროგრამის განხორციელებისას. ცხადია, განსაკუთრებით უნდა გამოვყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც ტემპუსისა და ერასმუსის ყველაზე მეტი პროგრამა აქვს განხორციელებული, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში’’ - განაცხადა ერასმუს+ პროგრამების კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა .
კონფერენციის მიზანია სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების განხილვა , ასევე ამ მიდგომების დანერგვის შესაძლებლობების შეფასება უმაღლესი განათლების სისტემებისა და ინსტიტუციების დონეზე . კონფერენციაზე განიხილეს ევროპულ და ეროვნულ დონეზე უკვე არსებული სტრუქტურებისა და ინსტრუმენტების შესაბამისობა სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მიდგომების გამოყენების საქმეში .