ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლის "დიგიტალური ქართველოლოგია – თემატური კორპუსები და ანოტირების საკითხები ქართველურ ენებში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ზამთრის სკოლა 2016 წლის 20-27 თებერვალს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (საქართველო) და მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის (გერმანია) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა პროექტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები დარეჯან თვალთვაძე და მანანა თანდაშვილი. ზამთრის სკოლა დაფინანსდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
აღნიშნული პროექტის პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსები წაიკითხეს პროფესორებმა მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტიდან (გერმანია): პროფ. იოსტ გიპერტმა და პროფ. მანანა თანდაშვილმა; საარბრუკენის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ელკე ტაიხმა (გერმანია); ციურიხის უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნოა ბუბენჰოფერმა (შვეიცარია); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო): ასოც. პროფ. მაია ლომიამ, ასოც. პროფ. ნინო შარაშენიძემ, ასოც. პროფ. ქეთევან მარგიანმა, ფილოლოგიის დოქტორმა მარინე ბერიძემ (თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი) და ასოც. პროფ. რუსუდან გერსამიამ (საქართველოს უნივერსიტეტი).