Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
“მეცნიერების თასი 2015–2016”
07/03/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, X-XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსის "მეცნიერების თასი 2015–2016" ფინალური ტური გაიმართა. მეცნიერების თასის მფლობელი სკოლა-ლიცეუმი „პრომეთეს“ გუნდი გახდა. გამარჯვებულებს გადაეცათ თასი სამახსოვრო წარწერით.

„უნივერსიტეტში ტრადიციულად ტარდება ოლიმპიადები, კონკურსები არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოწაფეებისთვის, რაც ხელს უწყობს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციას. წელს ჩატარდა ძალიან წარმატებული კონკურსი „მეცნიერების თასი“, სადაც უკეთესთა შორის საუკეთესომ გაიმარჯვა. ახალგაზრდების მხრიდან მეცნიერების მიმართ დაინტერესება დიდია, რაც გვაძლევს იმედს, რომ საქართველოს აქვს შესანიშნავი მომავალი“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

„ძალიან აზარტული და დაძაბული თამაში იყო და მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენი სკოლის გუნდი გახდა მეცნიერების თასის მფლობელი. ამ კონკურში მონაწილეობის შედეგად მრავალმხრივი განათლება მივიღე, ძალიან საინტერესო პროექტი იყო და მიხარია, რომ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა“,- აღნიშნა გამარჯვებული გუნდის წევრმა ელენე ალბექიონმა.

ღონისძიებაში ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 11 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულ გუნდში 5 მონაწილე იყო. მოსწავლეებმა 27 შეკითხვას უპასუხეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებიდან (მათემატიკა, ფიზიკა, ელექტრონიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და გეოლოგია), ასევე თსუ-სა და SDSU-ს შესახებ.

მონაწილე გუნდების თითოეულ წევრს სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი გადაეცა. გამარჯვებული გუნდის იმ წევრებისათვის, რომლებიც 2016 წელს ჩაირიცხებიან SDSU-საქართველო თსუ პროგრამებზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველო აწესებს სასწავლო სტიპენდიას. შესარჩევი ტურები ჩატარდა დისტანციურად ონლაინ რეჟიმში, ტემპუსის პროექტის - ARMAZEG-ის მხარდაჭერით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას ემსახურება.