ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა აშშ ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი წარწერისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა, რადგან, სავარაუდოდ, იგი საქართველოში უძველესია. აქედან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც აწარმოებს გათხრებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა. ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი არის ძვ.წ. XI-X საუკუნეები, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა. ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თარიღის კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით ნიმუშები უკვე გაგზავნილია იტალიაში.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, „გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში ჩვენმა არქეოლოგებმა არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. აშშ ლაბორატორიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გრაკლიანის წარწერის უნიკალურობა. შესაძლოა მეცნიერების კვლევამ მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეული ეტაპი“.
2015 წელს გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად დაფიქსირდა, შესაძლოა, ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით. რომლებზეც გამოსახულია ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტები. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგები არ აქვს.
ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700- 3000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიის გარკვეული ეტაპიც შეცვალოს. დამწერლობა აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული, ამ ტაძარში გამართულია 2 საკურთხეველი და ორივე საკურთხეველზე არის წარწერა აღმოჩენილი. ერთ მათგანზე, რომელიც დასავლეთითაა, თიხით არის გამოყვანილი რამოდენიმე ასო და მეორე საკურთხევლის პოსტამენტის შუბლი მთლიანად არის დაფარული წარწერით.
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი; ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).
მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ.