Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
29/08/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი, ე.წ. სმარტ-ლაბის (SMART|EDM_Lab) დაფუძნების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სებასტიან შმიდტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილემ მანანა მიქაბერიძემ. ღონისძიებას თსუ პროფესორები, გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სმარტლაბის დაფუძნებას ხელი იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ფუნდამენტურ მეცნიერებებში ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში მოეწერა.
თსუ რექტორის მოადგილის მერაბ ელიაშვილის განცხადებით, „სმარტლაბი საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში მოღვაწე ჩვენს ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალებას აძლევს დაბრუნდნენ საქართველოში და აქ გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა. იმედია, თსუ-ს მსგავსად ეს იდეა ფეხს მოიკიდებს სხვა ქართულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებსა და მიმართულებებზე“.
„ საქართველოში პირველად თსუ-ში გაიხსნა სმარტლაბი. ეს არის იულიხის სამეცნიერო ცენტრსა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის პირველი შედეგი. ეს თანამშრომლობა მეორე ათეული წელია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ოცდაათამდე ქართველი მეცნიერი მომზადდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ლაბორატორია იქნება პირველი ფორპოსტი საქართველოში, რომელიც იმუშავებს დიდ ევროპულ პროექტზე და, ამავდროულად, შეკრებს ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართული იქნებიან ევროპულ კვლევებში,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.
„ თანამშრომლობა ქართველ და გერმანელ მეცნიერებს შორის რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წლების განმავლობაში ამ თანამშრომლობის გზები განვითარდა და ალიანსი უფრო გაფართოვდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვორკშოპი ჩავატარეთ ქართველ კოლეგებთან ერთად. დღეს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის მე-7 სემინარი იმართება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ე.წ. სმარტ-ლაბის ხელშეკრულება, რომელიც ამ თანამშრომლობას უფრო სტრუქტურირებულს გახდის,- აღნიშნა იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სებასტიან შმიდტმა.
თსუ დოქტორის, სმარტლაბის ხელმძღვანელის დავით მჭედლიშვილის ინფორმაციით, „სმარტლაბის დაარსება გამიზნულია უცხოეთში მოღვაწე ქართველი წარმატებული მეცნიერების საქართველოში დასაბრუნებლად, აგრეთვე, დაეხმარება საქართველოში მყოფ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევებში, რომელიც საზღვარგარეთ მიმდინარეობს.“
„ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" მეშვიდედ ტარდება, მას საფუძველი 2004 წელს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2010 წლიდან სკოლა-სემინარს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი შემოუერთდა.
2014 წელს საიუბილეო ღონისძიება “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა” გაიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიღწევები შეაჯამეს. 2015 წლის კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.